გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წლიური ანგარიშები მოისმინა

სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს მინერალური რესურსების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ანგარიში წიაღის სექტორის სტრატეგიას – ხედვას, მიზნებს, ამოცანებს და სტრატეგიით გათვალისწინებულ ძირითადი მიმართულებებს მოიცავდა.
მომხსენებელმა ისაუბრა წიაღის სექტორის რეფორმის განხორციელების ფაზებზე ისაუბრა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები წარადგინა. მან დეპუტატებს განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების თაობაზე და 2023 წლის გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ამ სააგენტოს გაძლიერება და იმ შედეგების ნახვა, რაც რეფორმის კონცეფციაში დევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაცვის, ასევე რეგიონების გაძლიერების და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით. იმედი მაქვს გაგრძელდება კომიტეტის და სააგენტოს ერთობლივი მუშაობა, როგორც აქამდე მიმდინარეობდა რეფორმასთან მიმართებით და ვფიქრობ, რომ მომდევნო წლისთვის უკვე სამართლებრივი ფორმით გვექნება დოკუმენტი, რომელზეც ერთობლივად ვიმუშავებთ”, განაცხადა მაია ბითაძემ ანგარიშის შეფასებისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა კომიტეტს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ” საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში” გააცნო.

მომხსენებლის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციამ შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე 2021 წლის განმავლობაში კოორდინაცია გაუწია სახელმწიფო უწყებებს შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების მიღების პროცესში, რის შედეგადაც, ამ მიმართულებებით, შესაბამისი გეგმები გაიწერა. მან ისაუბრა სამინისტროების მიერ შშმ პირების უფლებების განხორციელების მიზნით სხვადასხვა მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და ცნობიერების ამღლების, ჯანმრთელობის დაცვის უფლების განხორციელების, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და მისაწვდომობის უზრუნველყოფის, სამართალწარმოების, დასაქმების სოციალური დაცვის და განათლების უფლების ხელმისაწვდომობის კუთხით. ასევე, შშმ პირთა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით. „32 სახელმწიფო უწყებიდან სამოქმედო გეგმა დამტკიცდა 29-ში.

აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმების შემუშავებისას სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყვეს დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და პროცესი წარიმართა ინკლუზიურად. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პროცესში დახმარებას და მონიტორინგს და იმედი გვაქვს უკეთესი შედეგები გვექნება”, -განაცხადა მომხსენებელმა. „აღსანიშნავია და ძალიან კარგია, რომ პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან პროექტში გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის.
მისასალმებელია, რომ გვაქვს პროგრესი როგორც დაცული ტერიტორიების ინფარასტრუქტურასთან მიმართებით, ასევე ძველი განხორციელებული პროექტების მოდიფიცირების კუთხით”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ანგარიშის შეფასებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები