აღმაშენებელზე „თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს” შვეიცარიული ან ფრანგული საპროექტო კომპანია დააპროექტებს

„მიხაილოვის საავადმყოფოს” ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტირებისთვის მიმდინარე საერთაშორისო კონკურსის მეორე ტურის გამარჯვებულები შვეიცარიული არქიტექტურული კომპანია Herzog and De Meuron და Wilmotte & Associés გახდნენ.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მშენებლობის იდეა ბათუმელ ბიზნესმენს, მეცენატს და კოლექციონერს შალვა ბრეუსს ეკუთვნის, რომელმაც „მიხაილოვის საავადმყოფო” გაზაფხულზე 16 მილიონ ლარად შეიძინა. აღნიშნულ ობიექტზე ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს 14-მა წამყვანმა არქიტექტურულმა კომპანიამ მიიღო. მათგან პირველ ტურში შეირჩა 6 საუკეთესო, კერძოდ: Archea Associati იტალიიდან (ფლორენცია), Christ & Gantenbein შვეიცარიიდან, Emre Arolat თურქეთიდან, Shigeru Ban იაპონიიდან, Wilmotte & Associés საფრანგეთიდან. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დასახელებული კომპანიებიდან 4 უკვე გამოეთიშება კონკურსს და 2 არქიტექტურული კომპანია აგრძელებს პირველობისთვის ბრძოლას. Herzog and De Meuron-ი ბაზელში 1978 წელს ჟაკ ჰერცოგმა და პიერი დე მეურონმა დააარსეს. ეს არის 500-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი საერთაშორისო გუნდი, რომელიც მუშაობს ათობით პროექტზე მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის სტუდიები და ოფისები მდებარეობს ბერლინში, მიუნხენში, ლონდონში, ჰონგ კონგში, ნიუ-იორკოში, სან-ფრანცისკოში, კოპენჰაგენსა და პარიზში.
კომპანიას 150-ზე მეტი კულტურული და ხელოვნების პროექტი აქვს შექმნილი, რომელთაგან აღიარებულია: მემფისის ხელოვნების მუზეუმი, დე იანგის მუზეუმი სან ფრანცისკოში, პერეს ხელოვნების მუზეუმი მაიამიში, ეროვნული სტადიონი პეკინში, კარის საფოსტო ბანკი, ბაზელის ბიზნესის სკოლა, ხელოვნების სამეფო კოლეჯი და მრავალი სხვა ობიექტი. თბილისს სექტემბერში უშუალოდ ბატონი მიურონი სტუმრობდა და ადგილზე გაეცნო „მიხაილოვის საავადმყოფოს” არქტიტექტურას და ტერიტორიას. Wilmotte & Associés-ი აღიარებული ფრანგი არქიტექტორის ჟან-მიშელ ვილმოტის სახელს უკავშირდება. კომპანია მან პარიზში 1975 წელს დააფუძნა.

დღეს მისი ბიზნესი სტრუქტურირებულია ორ კომპანიაზე – არქიტექტურული ფირმა Wilmotte & Associés და დიზაინის სტუდია Wilmotte & Industries SAS , რომლებიც ახორციელებენ 100-ზე მეტ პროექტს. კომპანია ცნობილია პროდუქტის მრავალფეროვნებითა და სამუშაოს შესრულების შესანიშნავი ხარისხით. Wilmotte ფირმა ოპერირებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, საცხოვრებელ და მომსახურების ინდუსტრიებში.

ფირმა აერთიანებს 27 სხვადასხვა ეროვნების 250 თანამშრომელს და მუშაობს 23 ქვეყანაში. სტუდიის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს შორის აღიარებულია: პარიზის ეფემერული დიდი სასახლე, გაეროს სასახლე სენეგალში, ლიონის ტერასები, ისლამური ცივილიზაციის ცენტრი ტაშკენტში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი პარიზში, ბულგარეთის ექიმთა ასიციაციის ოფისი და მრავალი სხვა ობიექტი. საბოლოოდ, ვინ ჩაიბარებს „თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის” პროექტს და ვინ დააპროექტებს თბილისის ერთ-ერთ საინტერესო და თანამედროვე კულტურულ კერას, ნოემბერში გახდება ცნობილი. არქიტექტურული პროექტის მომზადებას 10 თვე დასჭირდება, მშენებლობა კი სავარაუდოდ 2023 წლის ბოლოს დაიწყება. პროექტი 5 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირებას ითვალიწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები