“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნება

მმართველმა გუნდმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ბიუროს ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება. ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას გაუწევს. აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.

რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანივშნას, “ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულია შემდეგი წესი: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერმინისტრს წარუდგენს, ხოლო პრემიერმინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.

“ჩვენ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მთლიანობაში ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის მე-4 პუნქტის შესრულებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებას ემსახურება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს დღეს ვაინიცირებთ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონის პროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან შეუდგება”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები