ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეათე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეათე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ლევან იოსელიანმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოფმანმა და ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ გახსნეს.

“ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საარჩევნო პროცესებში”, “დეზინფორმაცია და მისი გავლენა საარჩევნო პროცესებზე” – შეხვედრის მონაწილეები ამ საკითხებზე ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა და მოსაზრებებს გაუზიარებენ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა კონფერენციის გახსნისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ექსპერტების გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარება ხელს უწყობს როგორც ეფექტურ თანამშრომლობას, ასევე სანდო არჩევნების ჩატარებას და ზოგადად დემოკრატიის განვითარებას. კონფერენციის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივები, საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და დადებითი მხარეების შესახებ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესებზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდები/სტრატეგიები.

„ხმის ელექტრონული მიცემის საპილოტე პროექტი საქართველოში, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით“ – ამ სახელწოდებით პრეზენტაცია ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა და აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საპილოტე რეჟიმში ტექნოლოგიებს 2018 წლიდან იყენებს და შესაბამისად უკვე აქვს საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების, მათ შორის ხმის მიცემის, დათვლისა და ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის (ვერიფიკაციის) აპარატების გამოყენების მნიშვნელოვანი გამოცდილება.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, სწორედ წარმატებით განხორციელებული საპილოტე პროექტების შედეგად უკვე დაწყებულია მუშაობა საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენების მასშტაბის გაზრდაზე. კონფერენციის მეორე დღე დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ თემებს დაეთმობა. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, არსებული გამოწვევებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზება ევროსაბჭოსთან (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით გაუწია.
კონფერენცია 25-26 ოქტომბერს იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საარჩევნო ადმინისტრაციების შეხვედრა ყოველწლიურად იმართება. გამონაკლისი იყო 2020-2021 წლები, კოვიდპანდემიის გამო კონფერენცია არ ჩატარებულა და მეათე, საიუბილეო შეხვედრის გამართვა 2022 წელს გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები