ComCom-მა მედიაწიგნიერების კვირეული სტუდენტებთან საგანმანათლებლო აქტივობით გახსნა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მედიააკადემიაში სტუდენტებისთვის სიმულაციური თამაში ჩაატარა.

საგანმანათლებლო თამაშის ფარგლებში სტუდენტების ერთმა ჯგუფმა მედიის წარმომადგენლის, მეორე ნაწილმა ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლის და მესამე ჯგუფმა დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციის როლები მოირგეს. სიმულაციური თამაში, რომელშიც მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს, კომუნიკაციების კომისიამ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩაატარა. აქტივობას კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელი ანი გვეტაძე უძღვებოდა. სტუდენტებს ჰქონდათ კონკრეტული თემა, რომლის მიხედვითაც დეზინფორმაციის შემქმნელებს უნდა წარმოედგინათ მაქსიმალურად დამაჯერებელი ყალბი ინფორმაცია, გამოეყენებინათ დეზინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა ხერხი, იმისთვის, რომ მოეცვათ ფართო აუდიტორია.
მედიის წარმომადგენლებს უნდა შეექმნათ ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეესაბამებოდა სიმართლეს და უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, ხოლო დეზინფორმაციასთან მებრძოლ ორგანიზაციას უნდა მოეფიქრებინა ისეთი სტრატეგიები და ხერხები, რომელიც დაეხმარებოდა მათ ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეგახსენებთ, რომ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით, კომუნიკაციების კომისია საქართველოში მედიაწიგნიერების კვირეულს უკვე მეორედ ატარებს. 24-28 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სკოლებთან, უნივერსიტეტებსა და მედიააკადემიასთან ერთად გამართავს. კვირეულის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში, რომლებშიც ჩართული იქნებიან მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და მშობლები.

ამას გარდა, კვირეულის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნება, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა მშობლებთან, სადაც ახალგაზრდების მიერ ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარებაზე იქნება საუბარი. ასევე, კვირეულის ფარგლებში მედიალაბი ექსპერტებთან ერთად კიბერუსაფრთხოების შესახებ დისკუსიას გამართავს, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები