ცხინვალში, კერძო სახლში ხანძრის შედეგად დაშავებულთა მკურნალობა ე.წ. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მოხდება
ცხინვალში, გერცენის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან კერძო სახლში გამთენიისას მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან სამის მკურნალობა ე.წ. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მოხდება.
ამის შესახებ ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
აღნიშნულია, რომ დაშავებულთა მდგომარეობა კრიტიკულია.
კერძოდ, სამინისტროში აცხადებენ, რომ “რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ჰოსპიტალიზებული იქნებიან: 19 წლის გოგონა, 41 წლის ქალი და 70 წლის ქალბატონი”.
ასევე, აღნიშნეს, რომ კიდევ ერთი დაშავებული – მამაკაცი, შოკურ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა, მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა.
ჯერჯერობით, უცნობია, სად გაგრძელდება დაშავებულთა მკურნალობა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუ მათ რუსეთის კლინიკაში გადაიყვანენ.
2-სართულიან კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა, 6 ადამიანი დაშავდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, სახლში გაზმა გაჟონა.