“ტენდენციები, რომლებიც გამოიკვეთა და არსებობს, ობიექტურ შეფასებებს მოითხოვს, რათა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე დამოუკიდებელი კანდიდატი იქნეს შერჩეული. სწორედ დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის შემთხვევაშია შესაძლებელი, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ეფექტიანი გახდეს, მას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა შესწევდეს“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.
კაიკაციშვილმა ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის მიმდინარეობა შეაფასა.
„არსებული ვითარება საიმედო დასკვნების შესაძლებლობას არ იძლევა. საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევა პოლიტიკური პარტიების შეთანხმებების და განწყობების შესაბამისად ხდება. შერჩევის პროცესის ფორმალურად ღია და საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებული, გამჭვირვალე წესების მიუხედავად, საქართველოს ახალი სახალხო დამცველი მმართველ პოლიტიკურ ძალასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის ძალთა გადანაწილების შედეგი იქნება. ევროკავშირის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის მითითების ქვეშ მთლიანად მოხდა ომბუდსმენის ინსტიტუტის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება, რამაც კონსტიტუციური ორგანოს სამომავლო საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობას არსებითად ზიანი მიაყენა და გაურკვეველი რჩება, 2022 წლის დეკემბრიდან ვის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული საქართველოს სახალხო დამცველი – წარმდგენი პარტიების, ხელისუფლების, თუ სამოქალაქო საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს სახალხო დამცველის რეგისტრირებული კანდიდატების მიმართ საპარლამენტო ოპოზიციის დამოკიდებულებები უპატივცემულო და გაუგებარი აღმოჩნდა.
„საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი საზოგადოებრივი და სამართლებრივი პროცესის შემადგენელ ნაწილად უნდა დარჩენილიყო, მაგრამ საქართველოს პარლამენტში წარმოებულმა პროცესმა, მათ შორის, ევროკავშირის 12-პუნქტიან პირობათა შორის ომბუდსმენის აპარატის დამოუკიდებლობის საკითხზე ხაზგასმამ პროცესი პოლიტიკური მოვლენების შემადგენელ ნაწილად აქცია. ის ფაქტი, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია კანდიდატების ნომინირებას არ მოახდენდა, არ გამორიცხავს საპარლამენტო პარტიების აქტიურ მოქმედებას, მმართველ პარტიასთან შეთანხმებით, სასურველი კანდიდატურის ლობირება განახორციელონ.
ამასთან, კანდიდატების შემფასებელი კომისია საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციების შედეგად დაკომპლექტდა. პოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში, პარტიებს დასახელებული კანდიდატების განსახილველად წარდგენის უფლება მიეცათ. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მთლიანად პოლიტიკური მიზანშეწონილობის ქვეშ აღმოჩნდა, როდესაც შეიძლებოდა, ომბუდსმენის შერჩევის წესი და მოდელი სხვა ფორმას დაფუძნებოდა – პარტიებს კი არ მოეხდინათ რომელიმე კანდიდატის ნომინირება, არამედ რეგისტრირებული ყველა კანდიდატის მიმართ სახელობითი კენჭისყრა წარმოებულიყო.
ამდენად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი პარტიული გავლენებით დატვირთული და ანგარიშვალდებული პირი აღმოჩნდეს, აღნიშნული კი საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხარისხს ერთმნიშვნელოვნად ხელყოფს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რეგისტრირებული კანდიდატების მიმართ თავად საპარლამენტო ოპოზიციის დამოკიდებულებები უპატივცემულო და გაუგებარი აღმოჩნდა. სწორედ თავდაპირველი პოლიტიკური შეთანხმება, რომ ერთი პოლიტიკური სუბიექტი არანაკლებ 7 კანდიდატის ნომინირებას მოახდენდა, უარგუმენტოდ უარყოფილი იქნა.
მაშინ, როდესაც სხვადასხვა კანდიდატი საპარლამენტო პარტიებთან საკონსულტაციო შეხვედრებს მართავდა, საკუთარ ხედვას აცნობდა და აღნიშნული პროცესი დასრულებული არ იყო, პ/გ „ლელო“, პ/გ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საჯაროდ აკეთებდნენ განცხადებას და მიუთითებდნენ, რომ სამოქალაქო სექტორიდან წარდგენილი სამი კანდიდატურის ნომინირებას მოახდენდნენ. ასეთმა მიდგომამ სხვა კანდიდატების ხედვის უგულებელყოფა და ხელისუფლებაზე გავლენის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან პირდაპირი ალიანსი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი სიცხადე შეიძინა პარტიების აღქმებმა, თუ ვინ მიაჩნიათ პოლიტიკურ პროცესებში მოკავშირე ჯგუფებად, რაც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, თუ ადამიანებს მკვეთრად ყოფს და განასხვავებს. ასეთ ვითარებაში შერჩეულ და ნომინირებულ კანდიდატებს, სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის ხარისხი, საზოგადოებრივი, საყოველთაო ნდობა არ გააჩნიათ და ომბუდსმენის ინსტიტუტს ისევ პოლიტიკური სუბიექტების გარიგებების შემადგენელ ნაწილად აქცევს“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.
მისივე თქმით, კანდიდატების მოსმენა ფორსირებული წესით არ უნდა მოხდეს და საზოგადოება იმსახურებს, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრების ფორმატი, შესაბამისი საშუალებებით, პირდაპირი ტრანსლირებით იყოს უზრუნველყოფილი.
„ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც სწორად აღიქვა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და არა – პირადი იურიდიული მრჩევლის გამოვლენა, პ/გ „მოქალაქეებია“. პრინციპულად მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ რეგისტრირებული 19 კანდიდატი პარლამენტის წინაშე წარდგეს და შესაძლებლობა მიეცეს, საკუთარი ხედვა წარმოადგინოს. ფაქტობრივად, ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურმა ჯგუფმა სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა დახურული პროცესისგან გადაარჩინა, თუმცა, აღნიშნული საკმარისი არ არის.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კანდიდატების მოსმენა ფორსირებული წესით არ უნდა მოხდეს და საზოგადოება იმსახურებს, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრების ფორმატი, შესაბამისი საშუალებებით, პირდაპირი ტრანსლირებით იყოს უზრუნველყოფილი. მაგალითად, მომავალი სახალხო დამცველი არ უნდა მალავდეს რაიმე ბიოგრაფიულ მონაცემს, სრულად უნდა აჩვენებდეს სამსახურებრივ გამოცდილებას, პასუხს სცემდეს პირად პოლიტიკურ შეხედულებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის დოქტრინულ ხედვას წარმოადგენდეს. ორგანიზაცია ყველა კანდიდატის მიმართ ინსტიტუციურ პატივისცემას გამოხატავს და პერსონიფიცირებული მსჯელობებისგან თავს შეიკავებს, თუმცა არსებითად მნიშვნელოვანია, ღია პროცესში გაირკვეს, ვინ არის ობიექტურად დამოუკიდებელი კანდიდატი და ვინ კანდიდატი, რომლის სახალხო დამცველად არჩევა, მათი პროფესიული გამოცდილების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა სფეროში გამოთქმული ცალსახა და საჯარო შეხედულებების გამო, უბრალოდ, არ შეიძლება“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველობის კანდიდატებმა მაღალი საჯარო ინტერესის მქონე შეკითხვებს უნდა უპასუხონ.
„იმისთვის, რომ წარმოდგენა შეიქმნას, თუ როგორი იქნება მომდევნო 6 წლის განმავლობაში კონსტიტუციური ორგანოს მუშაობა, სახალხო დამცველობის კანდიდატებმა, მინიმუმ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე შეკითხვებს უნდა უპასუხონ. შეკითხვებზე არსებული პასუხებით, საზოგადოება ნამდვილად დარწმუნდება, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაში, რა მოდელს ვიღებთ 2028 წლის ბოლომდე. მაგალითად, აქტუალური კითხვებია:
1. როგორ ესახებათ კანდიდატებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა, სახელმწიფო ორგანოების თვითნებობის კონტროლი და მათზე რეაგირება, რომელი უფლებები იქნება ძირითადი, რომლის დაცვაც პრიორიტეტული წესით მოხდება;
2. რა ხედვა აქვთ კანდიდატებს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, საქართველოს როლზე რეგიონსა, თუ საერთაშორისო მისიებში;
3. რა ხედვა აქვთ კანდიდატებს ქართველი პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების საქმიანობასა და მათ როლზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში;
4. რა ხედვა აქვთ კანდიდატებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე, ნდობის ხარისხზე, კონკრეტული მოსამართლეების გავლენების შესაძლებლობაზე, სახალხო დამცველის როლზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში;
5. რა ხედვა აქვთ კანდიდატებს სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე, სისტემური დანაშაულის საკითხზე, მოქმედი და 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკაზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში;
6. რა ხედვა აქვთ კანდიდატებს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიას შორის არსებულ კონკორდატზე, ეკლესიის როლზე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ეკლესიის გავლენებსა და რელიგიურ უმცირესობებთან ურთიერთობის საკითხებზე;
7. რა ხედვა აქვთ კანდიდატებს ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მის შესაძლო გავლენაზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროსა, თუ მთლიანად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე.
რა ხედვა არსებობს ოლიგარქიისა და დეოლიგარქიზაციის შესახებ;
8. რა ხედვა აქვთ კანდიდატებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარებაზე, გეგმავს, თუ არა შერჩეული პირი სახალხო დამცველის აპარატის საკადრო პოლიტიკის განხორციელებას, ვინ არიან კანდიდატის გუნდის წევრები.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველად, ობიექტურად დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევას შეძლებს. ასეთი კანდიდატები რეგისტრირებულ მსურველთა შორის ნამდვილად არიან, რომლებიც წარსულში არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ყოფილან აფილირებულნი, ეროვნულ, თუ საერთაშორისო დონეზე კარგი განათლება მიიღეს, საქმიანობა ადამიანის უფლებათა გაძლიერებას მიუძღვნეს, თანაზომიერების განცდა და მიუმხრობლობა აქვთ, ყველაზე უკეთესად ესმით, თუ რა მნიშვნელობას იძენს ერთი ადამიანის დაცული უფლება.
ორგანიზაცია მიესალმება, თუ თამამი გადაწყვეტილება იქნება და ომბუდსმენის მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობას სრულიად ახალი სახე გადაიბარებს. ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.