ComCom 24-28 ოქტომბერს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს ჩაატარებს

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, 24-28 ოქტომბერს საქართველოში უკვე მეორედ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ჩატარდება.

მედიაწიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანი საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სკოლებთან, უნივერსიტეტებსა და მედიააკადემიასთან ერთად გამართავს. კვირეულის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა თბილისსა და რეგიონებში, რომლებშიც ჩართული იქნებიან მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და მშობლები.
კერძოდ, საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნება. სკოლებში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, მასწავლებლები ჩაატარებენ მედიაწიგნიერების შესახებ გაკვეთილებს, სადაც მოსწავლეებს დეზინფორმაციის უარყოფით ზეგავლენებზე მოუყვებიან. ასევე, გამოიკვრება პლაკატები, რომელზეც მედიაწიგნიერების და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზებზე საჭირო და აუცილებელი რჩევები იქნება დატანილი. უფროსკლასელი მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდება კონფერენცია, სადაც ისინი მასწავლებლებთან ერთად იმსჯელებენ რა არის ყალბი ინფორმაცია და რა მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მას. ასევე, მოეწყობა ესეების კონკურსი მოსწავლეებში ისეთ თემებზე, როგორიცაა ინფორმაციის მოძიების გზები 21-ე საუკუნეში და ყალბი ინფორმაციის მავნე ზეგავლენა. და ბოლოს, სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიის მიერ მიწოდებული კითხვარის საშუალებით უფროსკლასელებში ჩაატარონ შეჯიბრი და გამოავლინონ ყველაზე მედიაწიგნიერი მოსწავლე. ბავშვების ონლაინ ქცევისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა მშობლებთან, რომლის ფარგლებშიც საუბარი შედგება ახალგაზრდების მიერ ციფრული მედიის გამოყენების არსებულ რისკებსა და ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარებაზე. ასევე დაგეგმილია სტუდენტებისთვის სიმულაციური თამაში მედიააკადემიაში, რომელიც სტუდენტებს მედიაწიგნიერების უნარების განვითარებაში დაეხმარება. კვირეულის ფარგლებში მედიალაბი ექსპერტებთან ერთად კიბერუსაფრთხოების შესახებ დისკუსიას გამართავს, რომლის მიზანია დაეხმაროს სტარტაპებს იმ გამოწვევების იდენტიფიცირებასა და დაძლევაში, რაც პროდუქტის ბაზარზე გაშვებისას შეიძლება შეექმნათ.

მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით დაინტერესებული მხარეები, მათ შორის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
კონფერენციაზე მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული გარემო, გამოწვევები და დაგეგმილი პროექტები შეფასდება. კონფერენციის ფარგლებში მოხდება ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტების პრეზენტაცია. ამას გარდა ჩატარდება ორი პანელური დისკუსია, პირველი პანელი მიეძღვნება ფორმალური და არაფორმალური განათლების როლსა და მნიშვნელობას მედიაწიგნიერების განვითარებაში, ხოლო მეორე პანელური დისკუსია დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მედია სტანდარტებს. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 25 მარტს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის შესახებ, რომლის თანაინიციატორი საქართველოც გახდა. კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებისა და როლის შესახებ. აღნიშნული რეზოლუციის თანახმად, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას, თანმდევი საინფორმაციო კამპანიით აღინიშნება.
კომუნიკაციების კომისია წელს უკვე მეორედ ატარებს მედიაწიგნიერების კვირეულს სხვადასხვა აქტივობებით, რომლებიც მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) საბჭოს წევრებმა მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და განვითარების ხელშეწყობის საუკეთესო მაგალითად შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები