„სოციალისტური საქართველოს შენება“ – თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში წიგნის წარდგენა გაიმართება

21 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში,  თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, წიგნის  –  „სოციალისტური საქართველოს შენება“ –  წარდგენა  გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი აერთიანებს 1920-1980-იან წლებში საქართველოს არქიტექტურაში არსებულ ნაკლებად ცნობილ ამბებს.
„გამოცემა ყურადღებას არ ამახვილებს ცნობილი არქიტექტორების ნაგებობებზე, არამედ იძლევა თემატურ შეხედულებებს უცნობ არქიტექტურულ მოვლენებზე და წარმოაჩენს მათ არა მხოლოდ არქიტექტურულ, არამედ პოლიტიკურ და გეოგრაფიულ კონტექსტში. წიგნს არ გასდევს სტილისტური თუ თემატური თანმიმდევრობის ხაზი. აქ განზრახ გამოიყენება სხვადასხვა მეთოდოლოგიური მიდგომა, რათა წამოიწიოს ეპოქებისა და თემების მრავალმხრივი ხედვა, აკადემიური კვლევებიდან და ესეებიდან დაწყებული – პირადი მოგონებებით დამთავრებული. „სოციალისტური საქართველოს შენება“ კრებს საკამათო ფაქტებს იდეოლოგიაზე, რომელიც არასოდეს იქცა პრაქტიკულ კანონად – ეს არის არქიტექტურის კუთხით დანახული პარალელური ისტორია.
შემდგენელი რედაქტორები არიან:  ნინი ფალავანდიშვილი და ირინა ქურთიშვილი;
სტატიების ავტორები – ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი, ლევან კალანდარიშვილი, ნანო ზაზანაშვილი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ნინი ფალავანდიშვილი, ირინა ქურთიშვილი და გაგა კიკნაძე;
ინტერვიუები –  რუბენ არევშატიანი და გეორგ შოლჰამერი
პუბლიკაცია გამოიცა ინგლისურ და ქართულ ენებზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ Tranzit.at-თან თანამშრომლობით (2022) გოეთეს ინსტიტუტის პროექტის – The City of Tomorrow (მომავლის ქალაქი) ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები