თაკო ლაშხია ზუგდიდის გამგებლის თანაშემწის თანამდებობიდან არავის გაუთავისუფლებია

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ 22 წლის თაკო ლაშხია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის გამგებლის ედიშერ თოლორიას თანაშემწედ დანიშნეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს, არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ „კვირას“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ შანავამ განუცხადა. „რატომ უნდა გაგვეთავისუფლებინა სამსახურიდან თაკო ლაშხია. მას უმაღლესი განათლება აქვს, ეკონომიური აქვს დამთავრებული და ის ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას. თაკო ლაშხია გამგებლის თანაშემწედ არის დანიშნული. ის ზრდილი და განათლებული ადამიანია და ვფიქრობთ დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებს. ყველა თანამშრომლის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ჩემს სამსახურს ექვემდებარება. ბრძანებას ხელი ხომ უნდა მოეწეროს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, თაკო ლაშხიას გათავისუფლება დღის წესრიგში არ დგას და არც არავის მიუღია გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ “ – აღნიშნა თენგიზ შანავამ. მანვე კატეგორიულად უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა თაკო ლაშხიას ნაცვლად ანა ბერულავა დაინიშნა. „რას ამბობთ, პირველად მესმის ეს სახელი და გვარი. ასეთი ჩვენ გამგეობაში არავინ არ გვყავს. თაკო აგრძელებს მუშაობას და რატომ უნდა მიგვეღო სხვა ვინმე. კიდევ გიმეორებთ ანა ბერულავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არ მუშაობს“, – აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა. დღეს სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თაკო ლაშხია სამსახურიდან გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში თაკო ლაშხიას დანიშვნამ ხმაური გამოიწვია, იგი სამსახურში აღარ გამოჩენილა. თაკო ლაშხია სამსახურიდან ოფიციალურად დღეს გაანთავისუფლეს, მის ადგილას კი ანი ბერულავა დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები