“მიღებული სტიპენდია ჩემთვის არის პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა სირთულის დაძლევაში მეხმარება” – ანი ფერიაშვილი, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი

ანი ფერიაშვილი იმ სტუდენტთა შორისაა, რომლებმაც წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საზღვარგარეთ გააგრძელეს სწავლა. ახლა ანი მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. როგორია ახალი სასწავლო გარემო, როგორ დაძლია რთული საკონკურსო ეტაპები, – ამის შესახებ თავის გამოცდილებას ანი ,,კვირას’’ მკითხველს უზიარებს:

,,განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებამდე რამდენიმე ეტაპი გავიარე. მიუხედავად სირთულისა, ვფიქრობ, რომ გამარჯვების სურვილმა და მოტივაციამ ყველა ბარიერი წარმატებით დამაძლევინა, განათლების საერთაშორისო ცენტრის გუნდი ყოველთვის მზად არის, ნებისმიერ ეტაპზე, შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, სწორი მიმართულება მისცეს კანდიდატებს, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება თითოეულ აპლიკანტს სრულყოფილი შედეგის მიღწევაში.

გამარჯვების შემდეგ, მოდის ახალი ეტაპი: საზღვარგარეთ სწავლა და ცხოვრება. ამ დროს ყველაზე დიდი გამოწვევა ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნაა, თუმცა, ის გეხმარება, რომ მხოლოდ შედეგზე ფიქრობ. მიხარია, რომ მომეცა შანსი, ჩემი წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, რათა საზღვარგარეთ მიღებული ცოდნით განვაგრძო წინსვლა უკეთესი მომავლისაკენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრის დახმარებით მე დღეს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ვსწავლობ, ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ ირწმუნეს ჩემი მიზნების და სამომავლო გეგმების, ჩემთვის ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა სირთულის დაძლევაში მეხმარება. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია, ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტებს ვურჩიო, რომ არასოდეს დანებდნენ, არასოდეს გაჩერდნენ და შედეგი აუცილებლად მოვა! ეს გზა საკმაოდ რთულია, წარმატებისკენ მიმავალ გზას თან ახლავს იმედგაცრუებაც, ზოგჯერ – უშედეგო მცდელობებიც, თუმცა, მჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ყველა სირთულე დაძლევადია, იფიქრეთ შედეგზე, თქვენს მიზნებსა და სურვილებზე, ყველა დაბრკოლება მიიღეთ როგორც გამოცდილება, იარეთ წინ და არასოდეს გაჩერდეთ! ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ახალი პროექტებით და საინტერესო იდეებით ვგეგმავ, არქიტექტურისა და ურბანისტიკის დარგის განვითარებაში მივიღო მონაწილეობა და მოვახმარო ჩემი ცოდნა საქართველოს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები