„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა 126 ხმით მიიღო

გენერალური პროკურორის არჩევის განსხვავებულ დროებით წესს ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და 126  ხმით მიიღო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე მსჯელობის დაწყებამდე კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომისიის შემაჯამებელი ოქმი  წარადგინა.

„როდესაც საკითხი შეეხება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, როდესაც საუბარია ქვეყნის ძირითად დოკუმენტში რაიმე ცვლილების განხორციელებაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში. სწორედ ამიტომ არის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცედურა გათვალისწინებული კანონით, რომ ფართო საზოგადოებამ გაიგოს კონკრეტული ცვლილების არსი, გამოითქვას   მოსაზრებები და შეკითხვები და მათ კომისიის წევრთა მხრიდან გაეცეს პასუხი. ეს პროცედურა ჩვენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის და კანონმდებლობის შესაბამისად განვახორციელეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან კომისიის საქმიანობის ფარგლებში გამოკვეთილი პროცედურული და შინაარსობრივი საკითხების შესახებაც ისაუბრა და მოკლედ შეეხო ცვლილების შინაარსს.

„შინაარსთან დაკავშირებით შემდეგი მოცემულობის წინაშე დავდექით, რომ შეხვედრებში მონაწილე პირთა უმეტესობამ გენერალური პროკურორის დამოუკიდებლობის და გენპროკურორის მდგრადობის უზრუნველყოფის ნაკლოვანების თვალსაზრისით ძირითადად უარყოფითად შეაფასა კონსტიტუციური კანონის პროექტის არსი. შინაარსთან დაკავშირებით პრაქტიკულად ყველამ  გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება“, – განაცხადა მან და ოქმიდან შესაბამისი ჩანაწერები წაიკითხა სადაც განხილვის მონაწილეების უარყოფითი მოსაზრებებია წარმოდგენილი შეთავაზებული ცვლილებასთან დაკავშირებით.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ანუ 90 ხმით. თუ  აღნიშნული წესით პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა მოხდება სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით და ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი და არა ექვსი წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული.

ამასთანავე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის არჩევისას მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს.

„ცოტა უჩვეულო პოზიციიდან მიწევს გამოსვლა. მოგეხსენებათ ერთი წლის წინ ჩვენ გამოტანილი გვქონდა ზუსტად იდენტური პროექტი და მაშინ პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის ინიციატივა იყო, რომ  ამოღებული ყოფილიყო ის ტექსტი, რომელსაც ახლა ხელახლა წარმოგიდგენთ. ამოღების მიზეზი იყო მარტივი, ის დოკუმენტი, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი, მთლიანად არის შეუსაბამო სამართლებრივ პრინციპებთან და მმართველობის ლოგიკასთან. ის კრიტიკული შენიშვნები, რაც გვქონდა ჩვენ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ერთი წლის წინ, რჩება ძალაში. თუმცა, არის ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი, 12 პუნქტი, და სწორედ იქ არის ასახული შესაბამისი რეკომენდაცია იმისათვის, რომ ჩვენ არ შევაფერხოთ კანდიდატის სტატუსის მიღება, 12 პუნქტის შესრულება, ევროინტეგრაციის პროცესი, ამისათვის არის აუცილებელი ამ კანონპროქტის მიღება. ამ მიზეზით დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ამ პროექტს და უმრავლესობის გაცხადებული პოზიციაა, რომ ჩვენი მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა ამ დოკუმენტის მიმართ. მიუხედავად იმ სამართლებრივი და მმართველობითი კუთხით არსებული პრობლემებისა, რომელიც არის  ამ დოკუმენტში დაფიქსირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ პარლამენტში კენჭისყრა გაიმართა და დეპუტატებმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები