ხელოვნების სასახლეში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღმოსავლური კოლექციების გამოფენით აღინიშნა
საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში აღმოსავლური კოლექციის ნიმუშების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კატალოგის ავტორია პროფესორი გიორგი კალანდია, გამომცემელი – შორენა შავერდაშვილი. კატალოგი სტამბა „სეზანის“ მხარდაჭერით ქართულ, ინგლისურ და იაპონურ ენებზე გამოიცა და 100-ზე მეტ ნივთს მოიცავს.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. კულტურის მინისტრმა მუზეუმის თანამშრომლებსა და დამსწრე საზოგადოებას მუზეუმის საერთაშორისო დღე და ახალი გამოფენის გახსნა მიულოცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეტმირატ სეიტმამედოვი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში მეჰდი საადათნეჟადი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ექსპერტი სახალხო დიპლომატიის საკითხებში მოჯთაბა მუსავი, ასევე – მუზეუმების თანამშრომლები და სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლები.
გამოფენაზე მუზეუმის მრავალფეროვანი ორიენტალისტური კოლექციის გარდა, რომელიც წარმოადგენს იაპონიას, ჩინეთს, შუამდინარეთს, სპარსეთს, თურქეთს, ავღანეთს, არაბეთს, ინდოეთს, ინდონეზიას, ნეპალს, მონღოლეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, ასევე, წარმოდგენილია ტექსტილი, ავეჯი, სამკაული, იარაღი, სხვადასხვა ნივთი და საქართველოში ერთადერთი, ლურსმნული დამწერლობით შესრულებული 4000-წლოვანი ფირფიტა, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მუზეუმმა გასულ წელს კერძო პირისგან შეიძინა.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და მუზეუმის დირექციის ინიციატივით, 2020-2023 წლებში მუზეუმის კოლექციები მნიშვნელოვნად შეივსო.