აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, პალატის „რესპუბლიკელი“ ლიდერები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, სანქციების დაწესებას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„თეთრი სახლის ხელმძღვანელობის არარსებობის შემთხვევაში, კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობისთვის შედეგები დადგება, თუ ისინი იმოქმედებენ. თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიეცემა უფლება დაემუქროს ისრაელის ლიდერებს, ჩვენი ლიდერები შემდეგი იქნებიან.
ჰააგის სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება ისრაელზე ან აშშ-ზე და დღევანდელი უსაფუძვლო და არალეგიტიმური გადაწყვეტილება გლობალურად უნდა იყოს დაგმობილი. საერთაშორისო ბიუროკრატებს არ უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, გამოიყენონ კანონი დემოკრატიული ქვეყნების ძალაუფლების უზურპაციისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ კანონის უზენაესობას“, – აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და მოძრაობა „ჰამასის“ 3 ლიდერის – იაჰი სინვარის, მუაჰამდ დეიფას და ისმაილ ჰანის დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა.