არჩილ თალაკვაძე – პრეზიდენტის ვეტოზე: ეს არის პოლიტიკური მოტივაციით გამოგზავნილი ვეტო, რომ საპროტესტო აქციას, მოქალაქეების ემოციებზე ზეგავლენას როგორმე ხელი შეუწყოს

სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა დახურა ის სივრცეც, რომლითაც მისივე, ოპოზიციის ან საერთაშორისო არგუმენტების განხილვა სურდათ.

„ეს არის პოლიტიკური მოტივაციით გამოგზავნილი ვეტო, რომ საპროტესტო აქციას, მოქალაქეების ემოციებზე ზეგავლენას როგორმე შეუწყოს ხელი. ვიმეორებ, ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერი არგუმენტის, დასაბუთებული შენიშვნის განხილვისთვის. იყო საერთაშორისო პარტნიორებისგან მოწოდებებიც, რომ პრეზიდენტმა ვეტოში ასახოს ეს შენიშვნები, მაგრამ, როგორც ხედავთ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ დაელოდა ამ შენიშვნებს, არ დაელოდა არგუმენტაციას, რომელზეც ისიც ამბობდა, რომ ჰქონდა შენიშვნები. ნაჩქარევად წარმოადგინა ვეტო, რომელშიც მხოლოდ პოლიტიკური მოტივაცია არის მოცემული. შესაბამისად, ამით მან დახურა ის სივრცეც, რომლითაც მისივე არგუმენტების, ოპოზიციის არგუმენტების ან საერთაშორისო არგუმენტების განხილვა სურდათ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ კანონს ვეტო 19 მაისს დაადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები