აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
მედიის ცნობით, კანონპროექტის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ანტიდასავლურ რიტორიკაზე და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკუსვლას შეაჩერებს, მაშინ აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმის დასაწესებლად და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს.
ასევე, კანონპროექტი ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას ავალდებულებს, მათ შორის „უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რომელიც რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და მასთან დაკავშირებული სასწავლო, ტექნიკური და ოპერაციების დამხმარე ელემენტებისთვის იდეალურია“.
როგორც Politico იუწყება, აღნიშნული პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ აშშ-ში დარწმუნდებიან, რომ საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან და მდგრად პროგრესს დემოკრატიის განმტკიცებაში, რისი მტკიცებულებაც, სულ მცირე, უნდა იყოს სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო.