გივი მიქანაძე: ევროპელი ლიდერები ჩვენი ქვეყნის გვერდით დგანან იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს

“ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა ძალიან კარგად იციან საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, დეტალურად არიან ინფორმირებულები”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელი ლიდერები ჩვენი ქვეყნის გვერდში დგანან იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

“კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას საკითხი იმის თაობაზე, საქართველო ვის პოზიციას იჭერს ამ სიტუაციაში. ცალსახაა, რომ ჩვენ ვიჭერდით, ვიჭერთ და მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ის აგრესია, რომელიც რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ, არის მიუღებელი, რაც არაერთხელ აღვნიშნეთ. ეს რეზოლუცია თვითონ ევროპის სახალხო პარტიისთვის შეიძლება იყოს დამაზიანებელი, იმიტომ რომ ისინი მხარს უჭერენ იმ ადამიანს [მიხეილ სააკაშვილი], რომელიც ყველამ იცის, რომ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი და ამ ადამიანმა სხვა დანაშაულებთან ერთად, როგორც უკრაინის მოქალაქემ გადმოლახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მას არაერთ დანაშაულში მიუძღვის წვლილი, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს არის ჩადენილი. შესაბამისად, აქ მივიღეთ სიტუაცია, როცა ამ პატარა ჯგუფმა შეძლო საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ეს საკითხი ამ რეზოლუციაში მოეხვედრებინა, მაგრამ, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი და ამაზე მეტყველებს ისიც, რომ როდესაც ევროპის სახალხო პარტიას და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდათ მცდელობა, რომ აპრილის თვეში საქართველოსთან დაკავშირებულ უშუალო რეზოლუციაში მომხდარიყო მიხეილ სააკაშვილი, ეს საკითხი ახლოსაც არ გაიკარეს და ამ თემაზე მსჯელობაც კი არ ყოფილა. უფრო მეტიც, ის გზავნილები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ბერლინიდან, ევროკავშირის ცენტრიდან, ბრიუსელიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა ძალიან კარგად იციან საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, დეტალურად არიან ინფორმირებულები, მშვენივრად იციან მიხეილ სააკაშვილის პიროვნება და ჩვენი ქვეყნის გვერდში დგანან იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები