ხატია წილოსანი საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ – ხატია წილოსანმა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთან, ფრანსუა ვიელისთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ კანონმდებლობაში საფრანგეთის გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს.
„საქართველოს ძალიან აქტიური ურთიერთობა აქვს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. საფრანგეთის საელჩო და საფრანგეთის განვითარების სააგენტო სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით წლების განმავლობაში ეხმარება ჩვენს ქვეყანას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მელიორაციის, მეცხოველეობის და კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით საფრანგეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამები. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ქართული დელეგაციის საფრანგეთსა და ბელგიაში ამ ცოტა ხნის წინ განხორციელებული სასწავლო ვიზიტის შედეგების შეჯამება იყო.
ფრანგულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ კიდევ გაგრძელდეს თანამშრომლობის პროგრამები და დამატებით განიხილოს საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის ახალი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა. ამ კუთხით, იდენტიფიცირებულ იქნა ახალი მიმართულებები, რომლებიც როგორც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაში საფრანგეთის გამოცდილების გაზიარებასთან, ისე – ევროკავშირში ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მხარდაჭერასთან იქნება დაკავშირებული”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ხატია წილოსანმა.