რატი იონათამიშვილი: უკრაინის მხარდაჭერას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ და ამ პროცესებთან არანაირი კავშირი არ აქვს სააკაშვილის სასჯელს, ის სასჯელს დამსახურებულად იხდის

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი – რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს უჭერს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, ამ საკითხთან არავითარი კავშირი არ აქვს იმას, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სრულიად დამსახურებულად იხდის სასჯელს.

„სახელმწიფო პროაქტიურად უჭერს მხარს უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. მათ შორის, ჰააგის სასამართლოში ერთ-ერთი წინადადების სპონსორი ვიყავით. ასევე, ნებისმიერი ის რეზოლუცია, რომელიც გაეროსა თუ ევროპის უმაღლეს ფორმატებში იყო მიღებული, მხარდამჭერი და სპონსორი იყო საქართველო. ჩვენ ამას მომავალშიც გავაგრძელებთ, ცხადია და ამ პროცესებთან არანაირი კავშირი და კვეთა არ აქვს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის დამსახურებულად იმ კონკრეტული და ძალიან მძიმე დანაშაულების გამო, რომელიც მას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე აქვს ჩადენილი და რომელსაც ის არც ნანობს და არც უღიარებია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახლახან რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა – მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში, ჯამურად, 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები