არჩილ თალაკვაძე – ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციაზე: ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ცვლილებას, სადაც ჩაწერილი იყო სააკაშვილის მეგობრების მიერ ინიცირებული ცვლილება, რომ სააკაშვილს საქართველოში დევნის რუსეთი

ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ცვლილებას, სადაც ჩაწერილი იყო სააკაშვილის მეგობრების მიერ ინიცირებული ცვლილება, რომ სააკაშვილს საქართველოში დევნის რუსეთი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველოს დელეგაციამ მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით იყო ინიცირებული და უკრაინის მხარდაჭერას ითვალისწინებდა. რასაც „ლელო“, ხოშტარია, სამადაშვილი და ოპოზიციის ეს ნაწილი ლაპარაკობს ორი დღის განმავლობაში – სიცრუეა.

„ნაციონალური მოძრაობის“ იმ წარმომადგენელმა ვინც მონაწილეობდა საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში ოპოზიციიდან, ქალბატონ დეკანოიძეს ვგულისხმობ, ამ ორი დღის განმავლობაში მისი კომენტარი არ არის. რატომ არ თქვა იგივე, უშუალოდ იმ ადამიანმა ოპოზიციიდან, ვინც მონაწილეობდა სხდომაში და რატომ ლაპარაკობენ ამდენს ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არანაირი შეხება აღარ აქვთ ევროპის საბჭოს ასამბლეის დელეგაციასთან. აქ მოტივები ცხადია – ვიღაც ცდილობს გადაფაროს თავის რუსეთთან კავშირი, რუსეთიდან ჩარიცხული ხელფასები, ვიღაც ცდილობს გადაფაროს თავისი ანტიევროპული პოლიტიკა და ვიღაც ფიქრობს გადაფაროს და დააზიანოს როგორმე საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების ინტერესები.

ახლა ის, რაც მოხდა სინამდვილეში: ეს რეზოლუცია ინიცირებული იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე, პირადად მე გახლავართ ამ კომიტეტის წევრი და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მე, უმრავლესობის სახელით მხარი დავუჭირე რეზოლუციის თავდაპირველ, ანუ, ორიგინალ ვერსიას, რომელიც იყო რუსეთთან დაკავშირებით ინიცირებული და ითვალისწინებდა უკრაინის მხარდაჭერას. ეს გადამოწმებადია, შეგიძლიათ ნახოთ კენჭისყრის ოქმი.

ამის შემდეგ კომიტეტზე მხარდაჭერილი რეზოლუციის ვარიანტის განხილვამ გადაინაცვლა პლენარულ სხდომაზე. აქ, მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირ დაკავშირებულმა ადამიანებმა, ვინც სუბიექტურად არიან მასთან დაკავშირებული, ამ ადამიანებმა დააინიცირეს ცვლილება მთავარ დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მხარი დავუჭირეთ და ბატონი გივი მიქანაძე სხდომაზე ღიად გამოვიდა და განაცხადა, რომ ჩვენ ამ ცვლილებით მხარს ვერ დავუჭერდით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები