ნიკოლოზ სამხარაძე: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას ვიყენებთ იმისთვის, რომ შევხვდეთ ქვეყნებს, ვისთანაც საელჩოები არ გვაქვს, საქართველოსგან შორს არიან და სადაც შეიძლება რუსეთი მუშაობდეს, რომ ამ ქვეყნებისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება მიიღოს

„საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას ვიყენებთ იმისთვის, რომ შევხვდეთ იმ ქვეყნებს, ვისთანაც საელჩოები არ გვაქვს, რომლებიც საქართველოსგან შორს არიან და სადაც შეიძლება რუსეთი მუშაობდეს იმისთვის, რომ ამ ქვეყნებისგან მიიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება”,-ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს მართავს. შეხვედრებზე საუბარი ძირითადად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას შეეხება.

„დღეს დაგეგმილია შეხვედრები აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან. იმედი გვაქვს, რომ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ამდენი წელია ვახორციელებთ, წარმატებული იქნება ისე, რომ არც ერთი სხვა ქვეყანა რუსეთის ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
უკვე გაიმართა ორი შეხვედრა სიერა ლეონესა და კოტ დ’ივუარის პარლამენტის თავმჯდომარეებთან. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა იყო. ჩვენ მათ გავაცანით ამ ტერიტორიებზე არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა და რუსეთის აგრესიის შედეგები. ორივე ქვეყანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში სრული მხარდაჭერა აღგვიქვა. რა თქმა უნდა, ასევე განხილული იყო ის ზეგავლენა, რომელიც რუსეთის აგრესიას უკრაინაში აქვს აფრიკის კონტინენტზე და ამ შედეგებზეც ვისაუბრეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ ის მძიმე გამოცდილება და შედეგები, რომელიც ამ აგრესიამ მოიტანა”,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები