თბილისსა და რეგიონებში არსებულ თეატრებს კულტურის სამინისტრომ ახალი მიკროავტობუსები გადასცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თეატრებში ტრანსპორტის პრობლემაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წლიდან დაიწყო. შედეგად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ 10 თეატრს ახალი მიკროავტობუსები გადაეცა. თითოეული ავტობუსი თეატრთა ცალკეული სიმბოლოებით გაფორმდა. საზეიმო ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თეა წულუკიანმა თავად გადასცა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს საჩუქარი და მათ წარმატებული გასტროლები და შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.
უკვე მრავალი წელია, საქართველოში მოქმედი თეატრების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ განახლებულა და ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეძენილ ავტომანქანებს (ე.წ. ყუბანი) ფლობენ. თეა წულუკიანის ინიციატივით, თეატრების ანგარიშზე არსებული ტრანსპორტის განახლება დაიწყო და ამ ეტაპზე, თბილისის 2 და რეგიონულ 8 თეატრს უახლესი მიკროავტობუსები გადაეცა.
კულტურის სამინისტრომ ათი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი 2022 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა, რომელშიც გაიმარჯვა კომპანია შპს „სენამოტორსმა” და მასთან 2022 წლის 8 აპრილს ხელშეკრულება გაფორმდა. მიკროავტობუსების შესყიდვის თანხა 1 061 480 ლარს შეადგენს.
პირველ ეტაპზე ახალი მიკროავტობუსები გადაეცა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ შემდეგ თეატრებს:
1. სსიპ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
2. სსიპ ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
3. სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
4. სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
5. სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
6. სსიპ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
7. სსიპ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
8. სსიპ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
9. სსიპ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
10. სსიპ მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
სამინისტრო აგრძელებს თეატრებისთვის სატრანსპორტო საშუალებების განახლებაზე მუშაობას, რათა 2023 წლისთვის კიდევ 10 თეატრი აღიჭურვოს უახლესი ავტომანქანით, რისთვისაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მილიონ ლარს გამოყოფს.
„ამით სრულდება ქართულ თეატრებში საბჭოთა ხანა, რასაც ამ დაწესებულებებისთვის გამოყოფილი ავტომანქანის მარკის მიხედვით შეიძლება, პირობითად, „ყუბანის” ხანის დასასრულიც ვუწოდოთ“. – განაცხადა თეა წულუკიანმა.
განახლებული ავტომანქანები დაეხმარება საქართველოში არსებულ თეატრთა დასებს გადაადგილებასა და რეკვიზიტების გადატანაში. აგრეთვე, საშუალებას მისცემს მათ, იმოგზაურონ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება და გახადონ თეატრი საყოველთაო.