რა კავშირი აქვთ საქართველოს მოქალაქეებს ყირიმის აფეთქების საქმესთან – რუსეთის საგამოძიებო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 8 ოქტომბერს ხიდზე მომხდარი აფეთქების საქმეზე რუსეთის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ(ФСБ) 8 პირი დააკავა, მათ შორის არიან რუსეთის 5 მოქალაქე, სამი – უკრაინისა და სომხეთის.

ინფორმაციას უწყების პრესსამსახურში ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ “ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი – კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა აგვისტოს დასაწყისში გაიგზავნა ოდესის საზღვაო პორტიდან ბულგარეთის რუსში – ხელშეკრულებით No 02/08/2022 Translogistic UA LLC (კიევი) და Baltex Capital S.A.-ს შორის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ფსბ-ს ცნობით, ბულგარეთიდან ფოთის პორტში და შემდეგ სომხეთში ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებაში უკრაინის მოქალაქეები – ციურკალო მიხაილ ვლადიმიროვიჩი, კოვაჩ დენის ოლეგოვიჩი, სოლომკო რომან ივანოვიჩი, საქართველოს მოქალაქეები – ინოსარიძე სანდრო, ბროკერი სახელად -„ლევანი“ და სომხეთის მოქალაქე – ტერჩანიან არტური მონაწილეობდნენ.

FSB-ს ინფორმაციით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის პერიოდში ერევანში, “ტრანსალიანსის” ტერმინალში, ტვირთი განბაჟდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წესების მიხედვით და შეიცვალა დოკუმენტები, რის შემდეგაც მისი გამგზავნი იყო შპს GU AR GROUP- ი (სომხეთი, ალავერდი), ხოლო მიმღები შპს „ლიდერი“ (მოსკოვი).

4 ოქტომბერს საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო ავტომობილით, ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი “ზემო ლარსის” საგუშაგოდან გადაკვეთა და 6 ოქტომბერს არმავირის საბითუმო ბაზარში გადმოიტვირთა.

„7 ოქტომბერს, რომან სოლომკოს, 1987 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ზლობ ვლადიმერ ვასილიევიჩის, და რუსეთის კიდევ ხუთი იდენტიფიცირებული მოქალაქის დახმარებით, ტვირთის დოკუმენტები ისევ შეიცვალა. გამგზავნი გახდა შპს „TEK-34″ (ულიანოვსკი), ხოლო მიმღები ყირიმის რესპუბლიკაში არარსებული კომპანია. იმავე დღეს, პალეტები დატვირთული იყო 1971 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე იუსუბოვ მახირის სატვირთო მანქანაში, რომელიც გაემგზავრა სიმფეროპოლში და 8 ოქტომბერს, 06:03 საათზე, ყირიმის ხიდზე გავლისას აფეთქება მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამ დროისთვის, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია რუსეთის ხუთი, უკრაინისა და სომხეთის სამი მოქალაქე, რომლებიც მონაწილეობდნენ დანაშაულის მომზადებაში“, – ნათქვამია FSB-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები