განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, მაკროეკონომიკური და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები გააცნო და სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობებზე და იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც აღნიშნული თანხების განკარგვა იგეგმება.
კაკაურიძის ინფორმაციით, რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში იგეგმება, შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 21 302,0 მლნ. ლარით, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი – 24,3 მლრდ. ლარით განისაზღვრა. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.8%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 39%-ის ფარგლებში დაიგეგმა. „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის 1,978 მლრდ. ლარია გამოყოფილი დაახლოებით 274მლნ. ლარით მეტია წლევანდელ გეგმასთან შედარებით. ზოგადი და სკოლამდელი განათლების დაფინანსებაზე გამოყოფილია 1, 293 მლრდ. ლარი, რაც ითვალისწინებს შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლების ხელფასების ზრდას 125 ლარით. ამავე თანხითაა განსაზღვრული მანდატურების ხელფასების ზრდა. პროფესიული განათლების მიმართულებით 87მლნ. ლარია და აქაც გათვალისწინებულია მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე. უმაღლესი განათლებისთვის გათვალისწინებულია 148 მლნ ლარი , მეცნიერების დაფინანსება 76 მლნ ლარამდე იქნება. ინკლუზიური განათლებისთვის 42 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საბიუჯეტო პროექტზე განხილვები გრძელდება და როგორც სამინისტროებთან, ასევე კომიტეტებთან ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართება. კომიტეტების წევრებმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველად ვერსიას, მხარი დაუჭირეს.