მამა პეტრე: საზოგადოება მასობრივი სიბნელის მსხვერპლია
ჩემი ,,ფაიფურის სული” უამრავი ადამიანის კრიტიკის საგანი გახდა, – მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელით ახალ განცხადებას აქვეყნებს. როგორც მამა პეტრე აღნიშნავს, საზოგადოება მასობრივი სიბნელის და არაჯანსაღი აზრის მსხვერპლია.
„ჩემი ,,ფაიფურის სული” უამრავი ადამიანის კრიტიკის საგანი გახდა. თანაბრად დავიმსახურე დაფნის და ეკლის გვირგვინი. სიყვარული და სიძულვილი, მოწონება და დაწუნება, ფარისევლობა და გულწრფელობა, მაგრამ ყველა განცდის გათვალისწინებით ერთ დასკვნამდე მივედი: ან ვერ გაიგეს, ან ისე მიიღეს, როგორც მათ სურთ.
ძირითადად ეკლესიის ორგულობას და ნიჰილიზმს მედავებიან. სასაცილოა, მაგრამ ვინც მართლა მიცნობს და მოვლენებს სწორად აფასებს, ის თავად მიხვდება, ,,ბრმად შობილი” საზოგადოება მასობრივი სიბნელის და არაჯანსაღი აზრის მსხვერპლია. უფალი არასდროს უკრძალავს ადამიანს თავისუფალი აზრის გამოთქმას და გამოხატვას. პირიქით, ეს უფლება არა, მოვალეობაცაა. ჩასაფრებული დ სხვისი განკითხვით დაავადებული სული, სიკეთეშიც რომ ბოროტებას ხედავს, სამწუხაროდ, შურის და პიროვნული კომპლექსების ბრალია. ,,მამა პეტრე აკრიტიკებს პატრიარქის ეპისტოლეს”-,,ჩუმად” მომისმენია. მე რომ ჩემი უწმინდესი და ქვეყანა მიყვარს, ისე ბევრმა შეიყვაროს და მიწაც ზეცად იქცეოდა. არც ეს არის ტრაგედია.
აუტანელი და შემზარავია, როცა იერარქების წინაშე ,,მორჩილ”, ,,მომღიმარ”, ,,ერთგულ”, ,,თავმდაბალ”, ,,წმინდან” ქვეშევრდომებს რომ უყურებ, რომლებსაც არა მხოლოდ განკითხვით, სიძულვილით აქვთ დამძიმებული სული და ,,კადრს მიღმა” იმაზე ოცნებობენ, როდის შეიცვლება ყველაფერი… აქ არ დავწერ, რა იგულისხმება ამ ,,ყველაფერში”, ისევ იმიტომ, რომ ვინც მთელი არსით მიყვარს, იმას ვუფრთხილდები. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, აზროვნებით, ცოდნით, განათლებით, რწმენით, შვილთა სიმრავლით, ლოცვით, პოეზიით, სიყვარულით ვცდილობ ეკლესიას და ქვეყანას გამოვადგე, იმ ადამიანებს ვუერთგულო, ვისაც სჯერა ჩემი (ასეთი მრავლადაა).
სხვები თუ იატაკქვეშეთიდან ძირს უთხრიან ყველას და ყველაფერს, ჩემს გულისტკივილს დღისით, მზისით ვფენ ყველას გასაგონად და დასანახად, მაგრამ მე ორგული ვარ და სხვები ერთგულად იცავენ კულისებში გამართულ ორთაბრძოლას. არასდროს მიცდია, სხვის დასანახად რამე მეთქვა, მემოქმედა, მეფიქრა, მეზრუნა, ერთგულების დასამტკიცებლად, არც ვიღაცები დამისმენია და მიქილიკია. ,,ყოველი კაცი ცრუ არს”.
ჩემთვის უფალი იესო ქრისტე, ყოველთვის ერთ ღმერთად დარჩება და მას ვერავინ შემიცვლის. ვერასდროს ვიმოქმედებ ისე, რომ მავანთა მოსაწონად ვიცხოვრო, სულ რომ ქვები დამიშინონ და მარიტასავით ტალახში ამომსვარონ. მე მართლა მჯერა, სხვებისგან განსხვავებით, უფლის მეუფების და საყოველთაო სამართლის. მირჩევნია იქ ვაგო პასუხი სამართლიანად, ვიდრე აქ, უსამართლოდ დავიმსახურო გმირის წოდება…“, – წერს მამა პეტრე.