პროკურატურამ ხულიგნობის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, სუპერმარკეტ “ორ ნაბიჯში” მომხდარი ხულიგნობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ სუპერმარკეტ “ორ ნაბიჯში” ხულიგნობა ჩაიდინა, რა დროსაც ემუქრებოდა მაღაზიაში მყოფებს, აყენებდა მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ბრალდებულის მიერ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით) და 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.