სენაკის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 36.8%-ია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობისა და კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ.

მისი თქმით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება. უბნების დახურვამდე დარჩენილია ორ საათზე მეტი. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, იაქტიურონ. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით 36.8%-ია.

„გვინდა გამოვეხმაუროთ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ დღეს გაკეთებულ მანიპულაციურ და დაუსაბუთებელ განცხადებებს, რომლის ერთადერთი მიზანიც საარჩევნო პროცესის დაზიანება და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები დაინიშნა და ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც დადასტურებულია სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილებით და კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან საუბარი სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლის შესახებ არის მანიპულაციური და უსაფუძვლო.

საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, ისევე როგორც ყველა არჩევნებზე, ახლაც უზრუნველყოფილი იყო ყველა პირობა არჩევნებზე დაკვირვებისა და გაშუქებისთვის. თუმცა, დღის განმავლობაში გაკეთდა რამდენიმე განცხადება იმის შესახებ, რომ დამკვირვებლები აქტიურად არ აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მათი უფლებაა, გადაწყვიტონ, კონკრეტულად რა დროს და რომელ უბანზე დააკვირდებიან არჩევნებს. ამ თემით მანიპულირება დაუშვებელია და აზიანებს საარჩევნო გარემოს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დეტალურ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული დამკვირვებლების შესახებ – რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 9 წარმომადგენელი, სადამკვირვებლო ორგანიზაციების 22 დამკვირვებელი და 4 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გაშუქების მიზნით კი აკრედიტაცია მედიაორგანიზაციების 143-მა წარმომადგენელმა გაიარა“,-განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები