კახა კალაძე: ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ძალადობას

დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ „უთხრა არა ძალადობას და უთხრა არა იმ უმძიმეს რეჟიმს, რაც ყოველდღიურად ხდებოდა ქვეყანაში“.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ძალადობას, უთხრა არა იმ უმძიმეს რეჟიმს, რაც ყოველდღიურად ხდებოდა ქვეყანაში. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. რა ხდებოდა მედიის მიმართ, ამაზე აღარ დავიწყებ საუბარს, რამდენად მძიმე და რთული მდგომარეობა იყო. რადიკალურად შეიცვალა ვითარება – დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ქვეყანამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან თავისუფლად, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, ბიზნესი თავისუფალია, აღარ მიმდინარეობს რეკეტი, ადამიანებს არ აწამებენ ციხეებში, განსხვავებული აზრის გამო არ იდევნებიან სამსახურებიდან, განსხვავებული აზრის გამო არ იდევნებიან ქუჩებში. ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, თუმცა არსებობს გამოწვევები და ამ გამოწვევებს სჭირდება ღირსეული პასუხი ყოველდღიური მუშაობით. მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ჩვენი ქვეყის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის უდიდესი გამოწვევა – ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, არის ოკუპირებული, მაგრამ ეს არის დროებით. ჩვენი გონივრული პოლიტიკით, ძლიერი ეკონომიკითა და ევროპაში მისწრაფებით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანობას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები