სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე გურიაში მიკრომეწარმეობის პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე გურიის მხარეში მიკრომეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებსა და მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, გურიის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მიკრომეწარმეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ ღოღობერიძე.

შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილემ სააგენტოს არსებული და სამომავლო პროგრამები გააცნო, რათა მეწარმეებს სამომავლოდ შესაძლებლობა ჰქონდეთ ისარგებლონ და გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა „აწარმოე საქართველოში” არსებული პროგრამების ხელშეწყობით.

ირაკლი გაბრიაძის თქმით, 2022 წელს მიკროგრანტების პროგრამას უპრეცედენტო რაოდენობის – 1400-მდე ბენეფიციარი ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით დაფინანსდა 1400-მდე პროექტი და შეიქმნა როგორც ახალი ბიზნესები, ასევე ახალი სამუშაო ადგილები.

„რაც შეეხება გურიას, გურიის მხარეში წელს გვყავს 62 გამარჯვებული პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება 2 მილიონ ლარამდე ინვესტირება გრანტის სახით სახელმწიფოს მხრიდან და დასაქმდება ასზე მეტი ადამიანი რეგიონში”, – აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

შეხვედრის ბოლოს გამარჯვებულ მიკრომეწარმეებს სახელობითი აბრები გადაეცათ. მიკრო და მცირე გრანტების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის აგვისტოში გამოვლინდა 1 400-მდე გამარჯვებული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 38 481 357 ლარია. აღნიშნული პროექტების ფარგლებში შეიქმნება 3 815 სამუშაო ადგილი. მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში 2015 წლიდან 2021 წლის ჩაათვლით სულ დაფინანსებულია 7 ათასამდე პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 78 689 703 ლარს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 17 446 ადამიანს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები