ლევან ცუცქირიძე: პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება არის სიგნალი, რომ რუსეთმა ამ ექვსი თვის განმავლობაში ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწია წარმატებას
“პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება არის სიგნალი, რომ რუსეთმა ამ ექვსი თვის განმავლობაში ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწია წარმატებას. უკვე ნათელია, რომ უკრაინაში ვეღარ გაიმარჯვებს და იმ ამოცანებს ვერ შეასრულებს, რაც პუტინმა 24 თებერვალს გამოაცხადა. შეუძლებელია”, – ამის შესახებ ორგანიზაცია “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი და “საქართველოს ევროპული პლატფორმის” თანადამფუძნებელი, ლევან ცუცქირიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, საერთაშორისო არენაზე რუსეთის გავლენის შემცირება და დაკნინება კიდევ და კიდევ გაგრძელდება.
“ნაწილობრივი მობილიზაციის მიზანია რუსული არმიის დანაკარგის შევსება, ახალი ძალებით შეეცდებიან ფრონტის სტაბილიზაციას. გაწვეულების მომზადებას რამდენიმე თვე სჭირდება, მით უფრო, რუსული ლოჯისტიკის ძალიან მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით. რუსეთის მოსახლეობა ახალ რეალობაში იღვიძებს. აქამდე პუტინსა და მოსახლეობის საშუალო ფენას შორის ერთგვარი ჩუმი კონსენსუსი იყო – პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის ავანტიურები მათ არ შეეხებოდათ, ფულის კეთების საშუალება ექნებოდათ და სანაცვლოდ მის პოლიტიკურ ინტრიგებში არ ჩაერეოდნენ. ეგონათ, პუტინი რუსეთის ენერგორესურსებითა და სხვა ფაქტორებით, თუნდაც, ბირთვული იარაღით, “უძლეველი რუსული არმიითა” და სამხედრო ტექნიკით მსოფლიოს დააშანტაჟებდა და პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილში თავისუფლად იმოქმედებდა. ასე არ მოხდა და კონსენსუსიც დაირღვა.
საომარი პროცესები ისე არ წარიმართა, როგორც ელოდნენ, ომი მათ სახლებამდეც მივიდა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. პუტინი ისეთმა ადამიანებმაც გააკრიტიკეს, რომლებიც ამ ექვსი თვის განმავლობაში მას ძლიერ მმართველსა და სტრატეგიას უწოდებდნენ. მთლიანობაში პუტინის სისტემა დასასრულს უახლოვდება. პეტერბურგის ხელმძღვანელობამ მობილიზაციის კვოტა ვერ ან არ შეასრულა, მაგრამ ამას მკაცრი რეაგირება არ მოჰყოლია. ესე იგი, დიდ ქალაქებს მაინც ანგარიშს უწევენ. ალბათ, ასევე იქნება მოსკოვშიც. აქცენტს უფრო რუსეთის შორეულ აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაზეა გადაიტანენ, რაც ეთნიკური დისკრიმინაციაა. სამაგიეროდ, გავლენიანი კავშირების მქონე პირები იოლად არიდებენ თავს სამხედრო სამსახურს. ბევრს ნაყიდი აქვს ყალბი ცნობა ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. კორუმპირებული გენერლები ყოველთვის რუსული ჯარის უკურნებელი სენი იყო, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება. ასეთ დაჭაობებულ სახელმწიფოში არმიაში მიდიან უპატრონოები. უმრავლესობისთვის ის ანაზღაურება, რასაც უხდიან, ბევრს ნიშნავს.
რუსეთი დაწესებული სანქციებით, ევროპისა და ამერიკის მიერ მისი იზოლაციის შემდეგ იმ საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩა, “უმცროსი პარტნიორი” გახდა. საერთაშორისო არენაზე რუსეთის გავლენის შემცირება და დაკნინება კიდევ და კიდევ გაგრძელდება. დასავლეთსაც და ამერიკასაც ნაწილობრივ მობილიზაციაზე ძალიან მშვიდი და გონივრული რეაქცია ჰქონდათ, უკვე აშკარაა, რისი თავიც აქვს რუსეთს. ამასთან, ნაწილობრივი მობილიზაცია ფრონტზე გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება ბირთვული იარაღით დამუქრებას, დასავლეთში ეს განცხადებაც მშვიდად მიიღეს. კრემლში სიგნალები იგზავნება, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ტაქტიკური მცირე ზომის ბირთვული იარაღის გამოყენებას. ამასთან, ბირთვული იარაღის გამოყენებას ერთი პირი ვერ გადაწყვეტს. ეს საკითხი სამხედრო ხელმძღვანელობამაც უნდა განიხილოს. ეს ერთი ან რამდენიმე წუთის საქმე არ არის და ძალზე პრიმიტიული მოსაზრებაა, გაბრაზებულმა და ჩიხში მოქცეულმა პუტინმა შეიძლება, უეცრად გადაწყვიტოს ღილაკს ხელი დააჭიროს და ბომბები უკრაინის მიმართულებით გაუშვასო. თუმცა, რუსეთი ამით ვაჭრობას და დასავლეთის შეშინებას არ შეწყვეტს. უკრაინელების შეშინება უკვე არ გამოვა. შესაძლოა კი არ შეეშინდეთ – მათი საბრძოლო სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდეს. დღეს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ხვალ სრულ მობილიზაციას არ გამორიცხავს. პუტინმა ყველა პირობა დაარღვია, მათ შორის, თებერვლის ბოლოს ნათქვამი, მობილიზაცია არ იქნებაო. რუსული ოპოზიციური მედიის ცნობით, ამ ბრძანებას საიდუმლო ნაწილი აქვს, სადაც მითითებულია, რომ 300 ათასი კი არა, მილიონი კაცის მობილიზაციაა საჭირო. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, მათ შორის, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. “უფასო ლანჩი” არ არსებობს – მისი საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს. თუ ჯიბეში რუსეთის პასპორტი უდევთ და ამ დოკუმენტით სარგებლობდნენ, ისიც არ უნდა გაუკვირდეთ, რომ ხვალ მათაც მიიღონ სამხედრო გაწვევა. რუსეთის ხელმძღვანელობა აუცილებლად ეტყვის, ამდენი წლის განმავლობაში გიცავდით, ქართველებისგან გადაგარჩინეთ, ახლა კი თქვენი სისხლით გადაიხადეთო. უფრო მძიმე ვითარებაა ცხინვალის რეგიონში, რადგან ისინი მსახურობენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და ბევრი დაიღუპა კიდეც. ახლა ჩვენს სახელმწიფოს აქვს ბრწყინვალე შანსი, რომ აფხაზებსა და ოსებს დავანახოთ, სინამდვილეში რა გვსურს – მხოლოდ ტერიტორია კი არა, მათთან თანაცხოვრება, მათი კეთილდღეობა, მშვიდობა და განვითარება. შესაძლოა პირდაპირი ნაბიჯების გაკეთება ჯერ ნაადრევია, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ უკრაინაში ომის კვალდაკვალ აქამდე არსებული რუსული წესრიგი ირღვევა. ამის ნათელი მაგალითია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები, სადაც აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლენა ძლიერდება. ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის ვითარებაც უკიდურესად მძიმეა. არაფერს ვამბობთ იმაზე, რა ხდება აღმოსავლეთ ევროპაში, მოლდოვაში, უკრაინაში. რუსული ძალა სუსტდება, ირღვევა და მას სხვა ძალები ავსებენ. საერთაშორისო პოლიტიკაში ვაკუუმი არ არსებობს, ძალიან სწრაფად ივსება. სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენის შესუსტება მხოლოდ დროის ამბავია, რადგან თამაშის წესებს უკვე თურქეთი ადგენს”,- აცხადებს ცუცქირიძე.
კითხვაზე: “ამას საზოგადოების ერთი ნაწილი საფრთხედ აღიქვამს…” – რესპონდენტი პასუხობს:
“სინამდვილეში, რეგიონში თურქეთის გაძლიერება დასავლურ გავლენას ნიშნავს, რადგან ეს ქვეყანა სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით არის დასავლეთი. თურქეთი ნატოს წევრი და ევროკავშირში გაწევრების მსურველი ქვეყანაა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან უთანხმოების მიუხედავად, ის სახელმწიფოებრივად დასავლური არქიტექტურის ნაწილია… ძალიან ბეჯითად უნდა ვიმუშაოთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და იმავდროულად, ოკუპირებულ რეგიონებს ახალი რეალობიდან გამომდინარე ველაპარაკოთ ერთობლივ გეგმებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, უსაფრთხოების მექანიზმებზე”.