შოთა გულბანი: რომ არა რუსული არასანქცირებული იაფი ნავთობპროდუქტების იმპორტი, დღეს საქართველოში გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა ინფლაციური წნეხი

დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის – Centre for Research on Energy and Clean Air-ის მონაცემების თანახმად, ევროკავშირმა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთიდან 92.5 მილიარდი ევროს ღირებულების წიაღისეული საწვავის იმპორტი განახორციელა, – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “მთავრობამ ეტაპობრივად და თანმიმდევრულად უნდა გადადგას ნაბიჯები რუსეთზე ეკონომიკური, მათ შორის, ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად, რაც მიღწევადია საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში”.

“დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის – Centre for Research on Energy and Clean Air-ის მონაცემების თანახმად, ევროკავშირმა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთიდან 92.5 მილიარდი ევროს ღირებულების წიაღისეული საწვავის იმპორტი განახორციელა (ქვანახშირი, ნედლი ნავთობი, ბუნებრივი აირი)
ევროკავშირის გარდა მნიშვნელოვნად გაზარდეს რუსული ნავთობის იმპორტი ჩინეთმა, თურქეთმა და ინდოეთმა.
რუსეთის მიერ დაბალ ფასად შეთავაზებულ ნავთობზე არც ევროკავშირი და არც სხვა სახელმწიფოები უარს არ აცხადებენ. საერთაშორისო ბაზრებზე სხვაობა რუსულ და სხვა ნავთობს შორის 45%-ის ფარგლებშია, რის გამოც მთელი რიგი ევროპის ქვეყნები აქტიურად შეისყიდიან რუსულ ნავთობს, რაც ბიზნესური თვალთახედვით ბუნებრივიცაა, ვინაიდან ბიზნესი ყოველთვის ცდილობს ხარჯების დაზოგვის მიზნით იაფი წყაროების ძიებას. როგორც ჩანს ამ დროს მორალური საკითხი, რომ ამ ფულით რუსეთი უკრაინაში ომს აფინანსებს, დიდ როლს ვერ თამაშობს.
ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ სწორად შეაფასოს საერთაშორისო ვითარება და მისი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის გარეშე საქართველოში ბენზინის ფასი ამჟამინდელთან შედარებით საგრძნობლად მაღალი იქნებოდა. აგრეთვე, რომ არა რუსული არასანქცირებული იაფი ნავთობპროდუქტების იმპორტი, დღეს საქართველოში გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა ინფლაციური წნეხი, ხოლო ფასები მთელ რიგ ნავთობპროდუქტებზე საგრძნობლად გაზრდილი. ეს უკანასკნელი კი აფერხებს ეკონომიკურ აქტივობას და შესაბამისად აუარესებს სოციალურ ფონს.
მთავრობამ ეტაპობრივად და თანმიმდევრულად უნდა გადადგას ნაბიჯები რუსეთზე ეკონომიკური, მათ შორის ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად, რაც მიღწევადია საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში. მოკლე ვადაში ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტას მხოლოდ საზიანო ეფექტი ექნება.
წყარო: https://energyandcleanair.org/financing-putins-war/?utm_source=counter “, – წერს გულბანი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები