თორნიკე რიჟვაძე: ზემო აჭარაში, ხულოში ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების მინისტრთან, ხულოს მერსა და ადგილობრივ სკოლის აღსაზრდელებთან ერთად მშენებლობის დაწყებას საფუძველი ჩაუყარა.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ვაშლოვანში სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის პროექტი არის ეროვნული მნიშვნელობის და მას ექნება უფრო დიდი მიზანი და მისია, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლას.

,,მიხარია, რომ რამდენიმე თვის წინ დაგეგმილი სკოლის მშენებლობის პროექტი უკვე მოქმედებაში შევიდა და ძალიან მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ აღნიშნული სკოლის მშენებლობის დასრულებას.

სკოლას ექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შიდა და გარე მოედნები. მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესი და ამ მიმართულებითაც არ მოვაკლებთ რესურსს, რომ გაძლიერებულად ხდებოდეს როგორც უცხო ენების, ასევე ზუსტი მეცნიერებების სწავლა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ კურსდამთავრებულებს უნდა ჰქონდეთ ფართო ასპარეზი.

განათლება და ახალგაზრდობა სტრატეგიული პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სკოლის ძალიან ბევრი კურსდამთავრებული სწავლას გააგრძელებს როგორც ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, ასევე რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ბათუმში. ჩვენ უკვე შევუთანხმდით რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომ მაღალმთიანი აჭარიდან წარჩინებული სტუდენტები პირდაპირ ჩაირიცხონ და გააგრძელონ სწავლა. ასე რომ, მთელი ჯაჭვი და ციკლი განათლების სისტემის გახლავთ აწყობილი და ამჯერად ჯერი არის მოსწავლეებზე და მასწავლებლებზე. ყველა პირობა შეიქმნება, რომ აქ საშუალება ჰქონდეთ მოსწავლეებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება.

ეს სკოლა მოემსახურება პრაქტიკულად მთელ მაღალმთიან აჭარას. დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო და წარჩინებული მოსწავლეები იქნებიან წარმოდგენილი ამ სკოლაში” – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

პროექტის მიხედვით აშენდება ორი შენობა – 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა და 150 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი. შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი, სპორტდარბაზი. სკოლის ეზოში მოეწყობა ღია მოედანი და ტრიბუნები. სკოლა იქნება საცხოვრებელი გარემოთი, კვებით, ტრანსპორტით უზრუნველყოფილი სასწავლებელი და მოემსახურება მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებს.

პროექტი იქნება სრულად ადაპტირებული და ენერგოეფექტური.

მშენებლობისთვის 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები