“გრიგოლ ნარსიას შვილს კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი არ გაუვლია” – ჟვანიას კლინიკა განცხადებას ავრცელებს

ჟვანიას სახელობის კლინიკა “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განმარტავს, რომ ნარსიას შვილი კლინიკის პაციენტი არასოდეს ყოფილა.

დაწესებულების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

“მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში განხორციელებული თავდასხმის საქმეზე დაკავებული პირის, გრიგოლ ნარსიას ადვოკატის განმარტების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დაკავებულმა “მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. შვი­ლი გუ­ლის მან­კი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 6 თვი­დან მკურ­ნა­ლობს და ახლა 14 წლი­საა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში გა­დის, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გულ­ზე შუნ­ტი­რე­ბა 6 თვის ასაკ­ში აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად გა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს. მას სა­ხელ­მწი­ფოს­გან არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ ჰქო­ნია“. ამ ინფორმაციაში დაშვებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისათვის მნიშვნელოვანი უზუსტობა; ვინაიდან ხსენებულ კლინიკაში არ მიმდინარეობს ბავშვთა კარდიოქირურგიული ოპერაციები და შესაბამისად, არ ტარდება რეაბილიტაციის კურსი, აქედან გამომდინარე, დაკავებულის, გრიგოლ ნარსიას შვილს ამ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გავლა არ შეეძლო და არც გაუვლია.

ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, კლინიკას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია გრიგოლ ნარსიას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ზემოთ მითითებული დიაგნოზით კიდევ ერთხელ უარყოფს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობის და რეაბილიტაციის ფაქტს,” – ნათქვამია კლინიკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები