პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე, სასამართლომ რუსეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო განაჩენით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი ორი იურიდიული პირი.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა დაარეგისტრირა ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც ფიზიკურ პირებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის კანონიერი გზით მიღებაში დახმარებას სთავაზობდა. აღნიშნული სქემით, მსჯავრდებული მოტყუებით დაეუფლა დაახლოებით 250 000 აშშ დოლარს. შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, მან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების მრავალჯერადი ფიქტიური საბანკო ტრანზაქციებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. სასამართლო განაჩენით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ ევალებოდა მისი საწარმოს საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება და ბიუჯეტის წინაშე ანგარიშსწორება, არ შეასრულა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და თავი აარიდა 380 000 ლარის ოდენობით გადასახადს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ დიდი ოდენობით თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 200 000 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა: თბილისში, ჟვანიას ქუჩა №88-ში მდებარე №53 საცხოვრებელი ბინა (56.95 კვ.მ.) და ამავე მისამართზე მდებარე სამი ავტოფარეხი – ჯამში 48.56 კვ.მ., ასევე, 188 200 ლარის ღირებულების ავტომანქანები – SUBARU FORESTER და CADILLAC ESCALADE და საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული 77 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დამნაშავედ იქნა ცნობილი ასევე, მსჯავრდებულის მიერ დაფუძნებული ორი იურიდიული პირი, რომელთაც უვადოდ ჩამოერთვათ ეკონომიკური საქმიანობის უფლება და თითოეულს 200 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები