იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იურიდიული დახმარების სამსახურისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ სამინისტროების საქმიანობის წლიური ანგარიშები მოისმინეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იურიდიული დახმარების სამსახურის 2020- 2021 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშები მოისმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამსახურის დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, უფლებრივი ბალანსის უზრუნველყოფისათვის, სამსახური 2019 წლიდან აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს ცენტრებისაგან მოშორებულ რეგიონებში. 2021 წელი ამ მიმართებით გლობალური პანდემიის მიუხედავად, იყო ერთ-ერთი წარმატებული.

„იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების მიწოდებასთან ერთად, სამსახურის აქტივობები მიმართული იყო საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისაკენ. ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად, 2021 წელს საფუძველი ჩაეყარა ფართომასშტაბიან მოძრაობას „ვაქციოთ კანონი ხელმისაწვდომი ყველასათვის“, დაინერგა ახალი სერვისები და გადაიდგა ნაბიჯები მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებისათვის“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

მისი ინფორმაციით, 2021 წელს, სამსახური მიერ დაწყებული პროექტები ამბიციურია. რაჟდენ კუპრაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მათი განხორციელების სახელმწიფოებრივი, სოციალური და პიროვნული შედეგები იქნება ფასდაუდებელი ადამიანის უფლებების დაცვისა და ურთიერთობების სამართლებრივი ნორმატივებში მოსაქცევად.

დღესვე კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში  მოისმინა. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ნიკო თათულაშვილის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი 8 ძირითადი თავისგან შედგება და წარმოადგენს სამინისტროთა საქმიანობის შეჯამებას შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების შესრულების კუთხით. მისივე თქმით, დოკუმენტი ეხმიანება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“  გაეროს კონვენციის  და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილ ვალდებულებებს.

„ანგარიშის პირველი თავი ეთმობა საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და ცნობიერების ამაღლებას; მეორე თავი ჯანმრთელობის დაცვის უფლებას მიემართება; დოკუმენტის მესამე თავი ფარავს დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და მისაწვდომობის უზრუნველყოფას; შემდგომი თავი ეხება სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობას; მეხუთე თავი ფარავს დასაქმების ხელშეწყობის საკითხებს; შემდეგი თავები კი მიმოიხილავენ სოციალურ დაცვას, განათლების უფლების ხელმისაწვდომობასა და მონაწილეობას კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში“, – განაცხადა ნიკო თათულაშვილმა.

კომიტეტმა სხდომაზე განხილული ანგარიშები დადებითად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები