კირცხალია – ლავროვის განცხადებაზე: ამ ტერიტორიებს მხოლოდ მშვიდობით დავიბრუნებთ; თუ რუსეთი ამ სიტუაციას ხელს არ შეუშლის, განცხადების დონეზე ეს უმნიშვნელოვანესი განცხადებაა

“ჩვენი მხრიდან ლავროვის განცხადება ცალსახად დადებითად შესაფასებელია, ამას მხოლოდ განცხადების ჭრილში ვამბობ, რადგან ეს ერთი პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ამ განცხადებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყოლოდა, მაგალითად, ჩვენი დროებითი ოკუპირებული ტერიტორიიდან მათი ჯარების გაყვანა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, თითოეული განცხადება, რომელიც პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მოემსახურება, მისასალმებელია.

“როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი, თუნდაც მსჯელობა იყოს ამ პროცესზე, სამოქმედო გეგმა, თუ როგორ ფიქრობენ ამ პროცესს. რაც შეეხება ე.წ. აფხაზეთის საგარეო უწყებას, დამერწმუნეთ, ჩვენთვის მეორე ხარისხოვანია ე.წ. მთავრობიდან და უწყებიდან რა განცხადება გაკეთდება. არ მგონია, რომ აფხაზ და ოს დებსა და ძმებში ამ ე.წ მთავრობას ლეგიტიმაცია საერთოდ ჰქონდეს. თითოეულ განცხადებას, რომელიც ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მოემსახურება, მივესალმებით. ჩვენ ამ ტერიტორიებს მხოლოდ მშვიდობით დავიბრუნებთ. თუ რუსეთი ამ სიტუაციას ხელს არ შეუშლის, განცხადების დონეზე ეს უმნიშვნელოვანესი განცხადებაა“, – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა: „რუსეთი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ ეს ქვეყნები თავად იქნებიან დაინტერესებული“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები