სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, მათ შორის, საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ექვსი საათის განმავლობაში დეტალურად მოხდა სხდომაზე გამოთქმული თითოეული მოსაზრების განხილვა.

„სამწუხაროდ, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან არის აშკარა და პირდაპირი მოწოდება, რომელსაც იზიარებს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, რომ ისეთი ტიპის ცვლილებებს დავეთანხმოთ, რომელსაც არა აქვს ანალოგი საერთაშორისო დონეზე ანუ გვთავაზობენ რაღაც მიგნებებს, რომელიც არც საერთაშორისო სტანდარტებთან არის შესაბამისობაში და არც ვენეციის კომისიისა თუ სხვა მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ინსტიტუციების მიერ არ არის მოწონებული. ჩვენ არ გვჭირდება არც ჩამორჩენილი სამართლებრივი კულტურის მქონე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და არც ისეთი მცდელობების დრო არ გვაქვს, რომ ექსპერიმენტები ვატაროთ გაამართლებს თუ არა კონკრეტული საკითხი.  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩვენ გვთავაზობენ მოდელს, რომ სამი ადამიანის ხმამ გადაწონოს თორმეტი ადამიანის ხმა. როგორ შეიძლება სამი ადამიანის ხმა იყოს უპირატესი 12 ადამიანის ხმაზე? რამდენად შეიძლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკის შეტანა, როდესაც პარლამენტის მიერ არჩეულ წევრებს ექნებათ კონკრეტული გადაწყვეტილებების, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით ბლოკირების შესაძლებლობა?

მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობრივი პოზიციებისა, ჩვენი ამოცანაა, რომ თითოეულ საკითხზე ვიმსჯელოთ დეტალურად, ყველა საკითხთან დაკავშირებით დავტოვოთ სივრცე, რომ თუ არის რაიმე საკითხი, რომელზეც შესაძლებელია პოზიციების დაახლოება დავაახლოოთ. თუ პოზიციებს ვერ დავაახლოებთ ეს იქნება საჯარო. შემდგომში, ჩვენ მზად ვართ საჯარო დებატებისთვისაც და კომიტეტის ღია სხდომებზე განხილვისთვისაც

დღეს, ჩვენ მივეცით შესაძლებლობა პროფესიული წრეების წარმომადგენლებს დაეფიქსირებინათ აზრი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ადვოკატთა ასოციაციის, არც იურიდიული დახმარების სამსახურის და არც ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს არ დაუფიქსირებიათ აზრი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორჯერ ორი მესამედის პრინციპი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. პროფესიული წრეების  წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ სწრაფი მართლმსაჯულება, შესაბამის ვადებში კონკრეტული გადაწყვეტილების გამოტანა არის გამოწვევა. ფაქტია, რომ პროფესიული საზოგადოების ხედვა ორიენტირებულია საზოგადოების ინტერესებზე. სამწუხაროდ, იგივე მოცემულობა არ გვაქვს პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან“, – აღნიშნა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები