ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინეს და „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

საკითხი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მან კომიტეტის წევრებს ის ეკონომიკური ტენდენციები გააცნო, რომელმაც მთავრობას ეკონომიკური პარამეტრების გადახედვის და მიმდინარე წლის ბიუჯეტში ზრდის მიმართულებით ცვლილებების შეტანის საშუალება მისცა. მომხსენებლის ინფორმაციით, არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, შეიცვალა წლიური პროგნოზები და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გახდა თავდაპირველად დაგეგმილზე უფრო მაღალი – 8,5%. მისივე თქმით, გაჩნდა დამატებითი შემოსავლები, რომელიც ძირითადად ორი მიმართულებით განაწილდება – პირველი და მნიშვნელოვანი არის ბიუჯეტის დეფიციტის და ვალის შემცირება, დაახლოებით 700 მლნ ლარით მცირდება დაგეგმილი ვალის აღება.

მეორე მიმართულება არის იმ აუცილებელი ხარჯების დაფინანსება, რომელიც ქვეყანას ვალდებულებად აქვს აღებული – ბავშვთა სოციალური დაცვის, სოციალურად დაუცველთა დასაქმების, სოფლის მეურნეობის განვითარების, ინფრასტრუქტურის, პოლიციელებისა და ჯარისკაცების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, გიორგი კაკაურიძის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაიზრდება 210,0 მლნ ლარით. მათ შორის, 86 მლნ ლარი მიემართება ბავშვთა სოციალური დაცვისთვის, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამისთვის გათვალისწინებულია 40 მლნ ლარის დამატება, ჯანდაცვის პროგრამებზე გათვალისწინებულია 80 მლნ. ლარის დამატება, საიდანაც 15 მლნ ლარი სასწრაფო დახმარების შეუფერხებელი განხორციელებისთვის იქნება გამოყოფილი.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრების კითხვებსაც უპასუხა, რის შემდეგაც კომიტეტმა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები