გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტის თაობაზე პირველი მოსმენით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა იმსჯელა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის თქმით, ეს არის საკითხი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად არის შედგენილი და გარემოს დაცვისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მწვანე შესყიდვების კომპონენტს ითვალისწინებს.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ კომიტეტის სხდომაზე განმარტა, რომ ცვლილებებით კარდინალურ რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები და შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, მათ შორის, ინერგება ევრო დირექტივებით გათვალისწინებული ახალი ინსტიტუტები.

სრულყოფილად შესრულდება ასოცირების შეთანხმებითა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) ნაკისრი ვალდებულებები საჯარო შესყიდვების სფეროში.

კანონპროექტის თანახმად, პირველ ეტაპზე, ამოქმედდება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ძირითადი დებულებები, შემდგომ კი საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ნორმები, დაიწყება შესაბამის პირთა სერტიფიცირება. ხოლო მას შემდეგ, რაც ამ პროცესის შედეგად, სახელმწიფოს ეყოლება სერტიფიცირებული კადრები, ამოქმედდება მეორე ეტაპი და შემსყიდველი ორგანიზაციის საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულში თანამდებობაზე მხოლოდ ამ სერტიფიკატის მფლობელი პირების დასაქმება იქნება შესაძლებელი.

კანონპროექტით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საჯარო შესყიდვის განსახორციელებლად სავალდებულო აღარ იქნება შესყიდვების კომიტეტის (სატენდერო კომისია) გამოყენება და შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იქნება საჯარო შესყიდვა განახორციელოს როგორც შესყიდვების კომიტეტის მიერ, ასევე, შესყიდვების კომიტეტის გარეშე.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის გატანას პლენარულ სხდომაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები