გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ტყის ხანძრების, მისი პრევენციის და მართვის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „ეროვნული სატყეო სააგენტოს” უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა ტყის ხანძრების, მისი პრევენციის და მართვის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ტყის ხანძრებთან მიმართებაში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და იმ მონაცემებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე (1 მლნ 900 ათასი ჰექტარი) ჰქონდა ადგილი წლების განმავლობაში. ყურადღება გაამახვილა იმ პრევენციულ ღონისძიებებსა და მიმდინარე პროცესებზე, რასაც სააგენტო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებულად ახორციელებს.
„ტყის ხანძრების მართვის გეგმა არ არსებობს და ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ უნდა იყოს თუ არა ცალკე ასეთი დოკუმენტი. მაგრამ ის საკითხები, რაც შეიძლება ამ ცალკე მდგომმა დოკუმენტმა მოიცვას, არის ინტეგრირებული სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმატიულ სახელმძღვანელო დოკუმენტში და სამოქმედო გეგმებში, დაწყებული სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმიდან, რომელშიც თავმოყრილია ოთხივე ეტაპი – მზადყოფნა, პრევენცია, რეაგირება და ტყის ხანძრების მართვა.
„ტყის კოდექსმა”, რომელიც პარლამენტმა ორი წლის წინ დაამტკიცა, კიდევ უფრო გაამყარა მიდგომები და აკრძალა ტყეში ცეცხლის დანთება. გარდა ამისა, სასიკეთო წინსვლაა ის, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში კლიმატური პარამეტრების ანალიზზე, 89 საკონტროლო სადგური უკვე შეიძინა, მიმდინარეობს მათი დამონტაჟება და მომავალი წლის ბოლომდე საქართველო სრულად უნდა იყოს დაქსელილი საკონტროლო სადგურებით, რაც მოგვცემს საშუალებას რომ კარგი მზადყოფნის სისტემა გვქონდეს”, – განაცხადა მომხსენებელმა.
სხდომაზე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის” უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა და სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ჭანტურიამ სამსახურის მიერ ტყის ხანძრების პრევენციის, ასევე მზადყოფნის და რეაგირების კუთხით განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ისაუბრეს. „ეროვნული სატყეო სააგენტოს” უფროსის მოადგილემ დეპუტატების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.