სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები განიხილეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები განიხილეს.

მომხსენებელმა აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ ზაალიშვილმა, ჯგუფს „დისტანციური სწავლება საჯარო სკოლებში – ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“ გააცნო და აუდიტის სამსახურის მიგნებები და რეკომენდაციები წარადგინა.

მისი თქმით, აუდიტის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულები, შესწავლილი იყო 2020-2021 წლების პერიოდი და ვინაიდან საკითხი გლობალურ გამოწვევას წარმოადგენდა, შესაძლებლობა იყო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კრიზისზე რეაგირების რამდენიმე ძირითადი ეტაპი გამოკვეთილიყო.

აუდიტმა მოიცვა შემდეგი მიმართულებები: დისტანციური სწავლებისათვის საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ლიცენზიების ათვისება, დისტანციური სწავლებისათვის მასწავლებელთა მზადყოფნა, გრძელვადიანი შედეგების მართვა და გამოცდილების სამომავლოდ გამოყენება. მომხსენებელმა ჯგუფს 6 რეკომენდაცია გააცნო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა ასევე „ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“ განიხილა და იმ რეკომენდაციებზე იმსჯელა, რომელიც ანგარიშის ფარგლებში იქნა გაცემული.

მომხსენებლის, აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი კაპანაძის განცხადებით, აუდიტის პროცესში სხვადასხვა მიმართულება განისაზღვრა, მაგრამ აუდიტმა 3 ძირითადი მიმართულება მოიცვა, აუდიტის შესწავლის საგანს წარმოადგენდა სააგენტოს ღონისძიებების შესაბამისობა კარგ პრაქტიკასთან, წინაპირობების არსებობა საჭიროებებზე საპასუხო ღონისძიებების დასაგეგმად და კომპანიის საჭიროებებზე საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვა. აუდიტის ობიექტს წარმოადგენდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ „აწარმოე საქართველოში“, აუდიტის პერიოდი კი 2018-2021 წლებს მოიცავდა. გაიცა 4 რეკომენდაცია, რომელთა ნაწილი უკვე შესრულებულია.

ჯგუფის სხდომაზე თითოეული რეკომენდაციის ირგვლივ დეტალური მსჯელობა გაიმართა. იმსჯელეს ყველა იმ გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც რეკომენდაციების შესრულებისთვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. რეკომენდაციებთან დაკავშირებით, განხორციელდება როგორც საპარლამენტო კონტროლი, ასევე ზედამხედველობა აუდიტის სამსახურის მხრიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები