კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე: განცხადება პოზიტიურია, თუმცა, ამის პარალელურად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას

„ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა მშვიდობით და არა ომით, ბოროტებით, როგორც ეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოუდგენია“, – განუცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას აფხაზ და ოს ხალხთან შერიგების მიზნით.

„ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ამ თემაზე. პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმაც მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს შერიგება, ურთიერთპატიება. სხვანაირად შეუძლებელია. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ნდობა ერთმანეთის მიმართ და ერთად ვიცხოვროთ. ყველაფერი სწორად უნდა გავაანალიზოთ. შეცდომები ჩვენც გვაქვს დაშვებული და გვინდა, რომ ამ ურთიერთშერიგებისთვის გადავდგათ ნაბიჯები. მოვახდინოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მშვიდობიანი თანაცხოვრება. ჩვენ ამის მიღწევა გვინდა მშვიდობით და არა ომით, ბოროტებით, როგორც ეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოუდგენია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება არის პოზიტიური, თუმცა, ამას უნდა მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის, დეოკუპაცია.

„რაც შეეხება შერიგებას, ცუდი რა არის ამ პროცესში? პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ისინი ხელს შეუწყობენ შერიგების პროცესს. ვფიქრობ, რომ ყველა აცნობიერებს დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი და იმ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, რომელიც დესტრუქციულმა, რადიკალურმა და ბოროტმა ძალამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა. მათ მეორე ვირტუალური სამყარო შეგვიქმნეს თავის პატრონებთან ერთად და მოჯადოებულ წრეზე გვატარებდნენ. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ.

განცხადება პოზიტიურია, თუმცა, ამის პარალელურად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აფხაზეთში არის რუსული ბაზები. თუნდაც, დავიწყოთ საუბარი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა. არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ მისი ოცნება არ იყოს ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას დედაქალაქის მერის მისამართით, თითქოს ის მიესალმება აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის სიბინძურე და სპეკულაცია. მისივე თქმით, ამ პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო მზადაა მოახდინოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„სიბინძურეა ეს განცხადება და სპეკულაციების ნაწილია. ასეთი გამოხმაურება მოჰყვა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც. ეს არის ბოროტი ძალა, რომლებმაც თავისი მოღალატეობრივი ქმედებებით ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაკარგეს. ჩვენ დაგვეღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, მივიღეთ უამრავი დევნილი. ახლა რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სპეკულაციებშია, სწორედ მათ მოაწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას ხელი. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას. ხალხი მათ შესაბამის ადგილს 26 ოქტომბერს მიუჩენს და პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის. ასევე, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი გამოძიება, თუ რა მოხდა 2008 წელს, ვისი დავალებით მოხდა, ან ვინ მოაწერა ხელი მოღალატეობრივ ქმედებას. საქართველო მზადაა, რომ მოახდინოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები