მარინ ლე პენს ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა და არამიზნობრივად გამოყენებაში ბრალი ედება

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია “ეროვნული ერთობის” ლიდერს, მარინ ლე პენს, ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა და არამიზნობრივად გამოყენებაში ედება ბრალი. პარიზის კრიმინალური სასამართლოს წინაშე, სხვა 26 ბრალდებულთან ერთად, ლე პენი დღეს, 30 სექტემბერს წარსდგება,- ამის შესახებ Politico იტყობინება.

როგორც გამოცემა წერს, დანაშაულებრივ სქემაში ლე პენის პარტიასთან დაკავშირებული ფრანგი დეპუტატები, კანონმდებლები, ევროპარლამენტარები და მათ მიერ აყვანილი თანაშემწეები 2004-2016 წლებში მონაწილეობდნენ.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები პარლამენტში ევროკავშირის საკითხებში თანაშემწეებს ასაქმებდნენ, რომლებისთვისაც EU-ს კანონმდებლობის შესაბამისად, ევროპარლამენტი შრომის ანაზღაურებას გასცემდა. თუმცა, აღნიშნული “თანაშემწეები” ფარულად პარტიულ საქმიანობას ეწეოდნენ, რითაც პირდაპირ სარგებლობდა ლე პენის “ეროვნული ერთობა”.

ევროკავშირის რეგულაციებიდან გამომდინარე, მსგავსი თანაშემწეები ევროპელ კანონმდებლებს მხოლოდ ევროკავშირთან და მის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში უნდა დაეხმარონ. სხვა სახის, მათ შორის, პარტიული საქმიანობა EU-ს ფონდებიდან თანხების მითვისებისა და არამიზნობრივად ხარჯვის ტოლფასია, რაც კანონსაწინააღმდეგოა.

თავად ლე პენს, როგორც პარტიის ლიდერსა და ევროკავშირის კანონმდებელს, ბრალი ფიქციური თანაშემწეების აყვანაში ედება.

სასამართლოს მიერ ლე პენისა და სხვა ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, 1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა და საჯარო საქმიანობის 5 წლით აკრძალვა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები