ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, საქართველოში პიტერ ფიშერს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პიტერ ფიშერს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ როლს, რომელსაც საქართველოს განვითარების პროცესში (ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, განათლება და სხვა) გერმანიის მთავრობა, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (kfW), გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოება და სხვა გერმანული საფინანსო ინსტიტუტები ასრულებენ. მინისტრმა გერმანელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარებისა და იმ სტრუქტურული რეფორმების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ქვეყნის მთავრობა გეგმავს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. თავის მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდება.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ შეხვედრებს დაესწრნენ მინისტრის მოადგილე – ეკატერინე გუნცაძე, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორი – ბირგიტ ჰოლდერიდ კრესი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი – ლიდია ქრისტმანი და თბილისის მერის მოადგილე – ანდრია ბასილაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები