მეუფე სტეფანე: ვერ გაიმარჯვებს რუსეთი იმიტომ, რომ უსამართლოდ და არასწორად მოიქცა როგორც ჩვენ მიმართ, ისე უკრაინის მიმართ
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე მრევლს უკრაინის ჯარის წარმატებებს ულოცავს.
მისი თქმით, რუსეთი უსამართლოდ მოიქცა და ისე ვერ გაიმარჯვებს.
“მინდა, მოგილოცოთ უკრაინის გამარჯვებები იმიტომ, რომ რეალურად დღეს უკვე, როგორც ჩვენ ვხედავთ, უკრაინაში მიმდინარეობს სერიოზული წინსვლა და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება. მე დიდი ხანია, ამის შესახებ ვთქვი, თავიდანვე, როდესაც ეს უგუნური შეტევა დაიწყო უკრაინაზე, მე ვთქვი, რომ ეს არის ძალიან დიდი სისულელე, რაც ჩაიდინა რუსეთმა, რუსეთის ხელისუფლებამ და ეს არ დარჩება ასე უბრალოდ და შეუძლებელია ამას პასუხი არ გაეცეს. საბოლოოდ, ვერ გაიმარჯვებს რუსეთი იმიტომ, რომ უსამართლოდ და არასწორად მოიქცა როგორც ჩვენ მიმართ, ისე – უკრაინის მიმართ.
ასე უნდათ მონათლონ, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, კაცი კაცზე არ უნდა გათხოვდეს, ამიტომ, ჩვენ რუსეთის მომხრეები ვართ, ტყუილია, არ ვართ ჩვენ რუსეთის მომხრეები, რუსეთიდანაც იგივე პრობლემები შეიძლება, იყოს და ხდება იქაც იგივე ამბავი, თუმცა, ახლა როცა უჭირთ ხოლმე, გამოიყენებენ ათას რაღაცას”, – თქვა მეუფემ ქადაგებისას.