მიხეილ სააკაშვილი: მიუხედავად ავადმყოფობისა და სისუსტისა, უკრაინის ისტორიული გამარჯვება საოცრად მამხნევებს

“უკრაინის არმიამ უკვე 80კმ-ით წაიწია წინ ხარკოვის ოლქში. კუპიანსკის აღების შემდეგ ელვისებურად შეუტია იზიუმს და უდიდესი ნაწილი აიღო. აქ რუსებს ძალიან დიდი საფრთხე გაუჩნდათ. ბევრჯერ ვარ ამ ადგილებში ნამყოფი და ვიცი, რომ იზიუმის სპეციფიკური ლანდშაფტი ძალიან აადვილებს იქ მყოფი ჯარის “ქვაბში” მოქცევას ისე, რომ გასაქცევიც არსად ექნებათ. ამავე დროს უკრაინელი ჯარისკაცები გამოჩნდნენ ცოტა ხნის წინ დაკარგულ ლისიჩანსკში, ლუგანსკის ოლქში. ამ ქალაქების საბოლოოდ აღების შემდეგ დონბასზე შემდგომი რუსული შეტევა შეუძლებელი გახდება”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ამავე დროს, რუსეთის საზღვარზე ათასობით მანქანა დგას რიგში. ამ მანქანებით ჯარისკაცები და ადგილობრივი კოლაბორაციონისტები გარბიან აგრესორ სახელმწიფოში. რუსი სამხედროები ბარდებიან ტყვედ და უკრაინელებს მათი განთავსების პრობლემა გაუჩნდათ.

ასეთი ელვისებური წარმატებული შეტევა აუცილებლად შევა მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა წაიწიეს ხარკოვის ჩრდილოეთით ზოლოჩევის რაიონში. მთლიანად გაათავისუფლეს ის და გავიდნენ რუსეთთან სახელმწიფო საზღვარზე. ჩემი პროგნოზია, რომ წლის ბოლომდე უკრაინა მთლიანად დაიბრუნებს ლუგანსკის ოლქს ქალაქ ლუგანსკის ჩათვლით და ოქტომბრის ბოლომდე აიღებს ქალაქ ხერსონს. ასევე წლის ბოლომდე აიღებს ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ ნაწილს და ჩაკეტავს ყირიმის სახმელეთო დერეფანს რუსეთისთვის.

მიუხედავად ავადმყოფობისა და სისუსტისა, უკრაინის ისტორიული გამარჯვება საოცრად მამხნევებს და უზომოდ ბედნიერი ვარ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები