აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ტრამპთან დაკავშირებული ეპშტეინის ფაილების დამალვაში ადანაშაულებენ
ჯეფრი ეპშტეინის საქმის გამომძიებელი კონგრესის კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არასრულწლოვნის სექსუალური ძალადობის ბრალდებების შემცველი ფაილების დამალვაში დაადანაშაულა,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წევრმა, რობერტ გარსიამ, განაცხადა, რომ მან პირადად ნახა ბრალდების შემცველი დოკუმენტები, რომლებიც საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.
საპასუხოდ, იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არაფერი არ არის წაშლილი და დასძინა, რომ დოკუმენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმალებოდა, თუ ისინი „დუბლიკატები, პრივილეგირებული ან მიმდინარე ფედერალური გამოძიების ნაწილი“ იყო.
ამასთან, იუსტიციის დეპარტამენტმა ასევე ადრე განაცხადა, რომ ზოგიერთი ფაილი “პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ არასწორ ბრალდებებს” შეიცავს.
ტრამპმა ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი დანაშაული არაერთხელ უარყო.
როგორც მედია წერს, ეპშტეინი ტრამპთან რამდენიმე წლის განმავლობაში მეგობრობდა. მოგვიანებით ისინი დაშორდნენ, რაც, ტრამპის თქმით, 2000-იანი წლების დასაწყისში მოხდა, ეპშტეინის პირველად დაპატიმრებამდე ორი წლით ადრე.
როგორც ცნობილია, ტრამპი იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს, თუმცა მისი გამოჩენა რაიმე დანაშაულს არ გულისხმობს.