ნათია ჯანაშია ბრიტანეთის სასამართლოში საქართველოს მთავრობას რუსეთისკენ მიმავალ ოლიგარქიულ რეჟიმს უწოდებს, რომელმაც ევროპის გზიდან გადაუხვია
„ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან“ დაკავშირებით სასამართლო დავები ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის ოჯახურმა წყვილმა, რომელიც სკოლის 30%-ს ფლობს, საქართველოშიც წამოიწყო და ბრიტანეთშიც. დავა „საქართველოს კაპიტალთან“, ინვესტორთან, რომელიც ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70 პროცენტს ფლობს ცოლ-ქმარმა 2 წლის წინ მას შემდეგ წამოიწყო, რაც მენეჯმენტში ყოფნის კონტრაქტით განსაზღვრული 5-წლიანი ვადა ამოეწურათ და ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის, აფბას – ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე, რომელმაც თებერვლის დასაწყისში დავის საფუძვლიანი შესწავლა და მონიტორინგი დაიწყო, „კომერსანტის თემის“ ეთერში „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ყოფილი მენეჯმენტის ქცევას მხოლოდ მერკანტილურ სარგებელზე დაფუძნებულს უწოდებს.
„ერთის მხრივ, ჩვენ 2 წლის განმავლობაში ვკითხულობთ და ვუყურებთ ჯანაშია-ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ სარეკლამო და პოზიტიური ხასიათის განცხადებებს და ვიდეორეპორტაჟებს ხელისუფლების თითქმის ყველა შტოს წარმომადგენლის მიმართ, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით, გაგრძელებული პარლამენტის თავმჯდომარით, გენერალური პროკურორით, შს მინისტრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძით, სადაც ცოლ-ქმარი ხელისუფლებას ერთგულებას ეფიცება, ხოტბას ასხამს და თავს წარმოაჩენს, როგორც სააკაშვილის რეჟიმისგან დევნილებს, დაჩაგრულებს და უფლებააყრილებს, რომელთაც ნაციონალი გილაური ებრძვის.
მეორეს მხრივ, ბრიტანეთის სასამართლოში (ბმული სარჩელის ამონარიდზე) ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის შეტანილი სარჩელი არამარტო „საქართველოს კაპიტალის“ წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ წარმოადგენს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მტკიცებით ფორმაში გაშავების აშკარა და პირდაპირ მცდელობას,“ – ამბობს გიორგი კაპანაძე.
აფბას ხელმძღვანელის თქმით, ნათია ჯანაშიას მიერ ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს, ბიზნესისა და ქონებრივი საქმეების სასამართლოში, 2025 წლის 2 მაისს შეტანილი სარჩელი, საჯარო და ღიაა, და ნებისმიერს შეუძლია მისი გამოთხოვა.
„სწორედ ამ სარჩელში ნათია ჯანაშია ბიძინა ივანიშვილს და მოქმედ ხელისუფლებას უწოდებს კორუმპირებულ და ოლიგარქიულ რეჟიმს, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს – კორუმპირებულ ქვეყანას, რომელმაც გადაუხვია ევროპის გზიდან რუსეთისკენ.
ნათია ჯანაშიას სარჩელი მიხედვით, ქართული სასამართლოები შემჩნეულები არიან კორუფციულ საქმიანობაში, ასევე ოლიგარქების ზეგავლენის ქვეშ მოქმედებაში. ჯანაშია-ცეცხლაძის წყვილი სარჩელში სხვა სახელისუფლებო ინსტიტუციების მოქმედებასაც აკრიტიკებენ და იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის კეთილსინდისიერებას აყენებენ ეჭვქვეშ. ნათია ჯანაშია სარჩელში აღნიშნავს: რომ ის „მოხსნეს „ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დირექტორობიდან გაყალბებული და ბათილი კრების ოქმის საფუძველზე. მას სჯერა, რომ ეს მიღწეულ იქნა ფარული კავშირებით და საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებზე ზეგავლენით“. (ციტატის დასასრული სარჩელის ამონარიდიდან).
სახეზე გვაქვს, ერთი შეხედვით, ორი ურთიერთსაპირისპირო ქმედება. ერთის მხრივ, საქართველოში საქართველოს ხელისუფლებისადმი ლოიალური და მხარდამჭერი დამოკიდებულების აქტიური დემონსტრაცია და შესაბამის ლობისტებზე ამ სახით მანიპულირება, ხოლო, მეორეს მხრივ, ბრიტანეთის სასამართლოში მოქმედი ხელისუფლების ოლიგარქიულ რეჟიმად წარმოჩენა და სახელისუფლებო შტოების კორუმპირებულობაზე აქცენტირება, რაც ცოლ-ქმრის ვარაუდით დაეხმარება მათ ბრიტანეთში სარჩელის შეტანის დასაბუთებისთვის. ეს წინააღმდეგობრივი მიდგომა, თავისთავად მიუთითებს, რომ დავის პროცესში ჯანაშია – ცეცხლაძის მხარისთვის სიმართლე და ფაქტობრივი გარემოებები კი არ არის მთავარი დასაყრდენი, არამედ ის, თუ კონკრეტულ მომენტში რომელი სცენარი მოუტანს მეტ სარგებელს და, მათი მიზნებისთვის ვის და რას უკეთ გამოიყენებენ,“ – დასძინა გიორგი კაპანაძემ.
აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე, რომელიც ბოლო ათწლეულია იკვლევს ფინანსური დავების ანატომიას და იძიებს ჩართული მხარეების სტრატეგიასა და ტაქტიკებს, მიიჩნევს, რომ სარჩელში გამოყენებული ნარატივი ეწინააღმდეგება დავის სამართლიანად წარმოების ფუნდამენტურ პრინციპებს და სიყალბის ტირაჟირებას ემსახურება. კაპანაძეს ვთხოვეთ, გაეანალიზებინა სარჩელის ის პუნქტი, სადაც ნათია ჯანაშია წერს, რომ „ის საქართველოში ეფექტიან სასამართლო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩა, ვინაიდან საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით“ (ამონარიდი სარჩელიდან).
„რასაკვირველია, ასეთი მოსაზრების ქონა ქალბატონ ნათია ჯანაშიას უფლებაა, მაგრამ ის, რაც სარჩელის ამ პუნქტის შემდგომ ნაწილში ნათია ჯანაშიამ წარმოაჩინა, ნათლად მეტყველებს მისი ჩანაფიქრის ფიქტიურობასა და ქმედების არაკეთილსინდისიერებაზე.
კერძოდ, მოსამართლეები, რომლებიც საქართველოში მისი სარჩელები განიხილეს, პროვოკაციულად, ყოველგვარი საფუძვლისა და მტკიცებულებების გარეშე დააკავშირა სხვა მოსამართლეებს, რომელთა მიმართაც ბრიტანეთის, აშშ-ს და უკრაინის ხელისუფლებებმა სანქციები გამოიყენეს,“ – განმარტავს კაპანაძე.
სარჩელში წერია, რომ „მოსამართლეები, არჩილ კოჭლამაზაშვილი და ლაშა თავართქილაძე. მუშაობენ იმ სისტემაში, რომლის მთავარი მოქმედი პირები დასანქცირებულები არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის ხელისუფლებების მიერ. 2025 წლის 2 აპრილს, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტრომ სანქციები დაუწესა ორ სასამართლო ფიგურას, მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს. მოსარჩელეს (ნათია ჯანაშიას) სჯერა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ზეგავლენებისა და გავლენების ჯაჭვის გათვალისწინებით, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეშფოთების ცნობაში მიღებით, საქართველოში მისი საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას არანაირი გონივრული პერსპექტივა არ აქვს.“ (ციტატის დასასრული – სარჩელის ამონარიდი).
გიორგი კაპანაძისთვის სარჩელის ეს პუნქტები ცილისმწამებლურია. „დაადანაშაულო მოსამართლეები არაკეთილსინდისიერებასა და ეჭვქვეშ დააყენო მათი დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს სასამართლოში მუშაობენ და მოსამართლეები არიან, სიყალბე და თაღლითობის მცდელობაა. ნათია ჯანაშიას სარჩელში დაფიქსირებული ეს მტკიცებულება ცოლ-ქმრის ქართველი ლობისტებისთვის მოულოდნელი იქნება, რადგან წლების განმავლობაში, მათგან საპირისპიროს ისმენდნენ. თუმცა ბრიტანეთის სასამართლოში წარდგენილმა სარჩელმა ყველაფერს ახადა ფარდა. ფარდა აეხადა იმასაც, თუ როგორ იყენებდა ჯანაშია-ცეცხლაძის წყვილი ივანიშვილის სახელს საქართველოში გარკვეული სახის ზეგავლენებისთვის და იმასაც, რა მიზნები ამოძრავებდათ“, – ასკვნის აფბას ანალიტიკოსი.
გიორგი კაპანაძისთვის, რომელიც მოკლე პერიოდში, დავის მეტ დადასტურებულ ფაქტს და უტყუარ დეტალს გაეცნო, ბრიტანულ სასამართლოში შეტანილი სარჩელის შინაარსი სიურპრიზს არ წარმოადგენს.
„ფინანსურ პოლიციაში „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ შეტანილი განცხადება, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გაფლანგვა-მითვისების ფაქტებზე და რომელიც ჯანაშია-ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს უკავშირდება, ცოლ-ქმარმა გამოაცხადა საკუთარი განცხადების საფუძველზე აღძრულ საქმედ; ბრიტანულ-ქართულ აკადემიის 70 პროცენტის გაყიდვა 30 მილიონ ლარად, შეცდომაში შეყვანად და იაფად გაყიდვად გამოაცხადეს, როცა სამხარაულის ბიუროს დასკვნითაც კი ინვესტორმა („საქართველოს კაპიტალმა“) საბაზრო ღირებულებაზე 540 ათასი ლარით მეტი გადაიხადა; სხვისი მრავალმილიონიანი ქონების (მიწის) უსასყიდლოდ გადაცემას მოითხოვდა ცოლ-ქმარი მაშინ, როცა თავადვე იხვეწებოდნენ ამ მიწის ღირებულების შესაბამისი წილის გადახდას რამდენიმე წელზე გადანაწილებით.
ამიტომ არ არის გასაკვირი, ის რასაც ბრიტანეთში შეტანილ სარჩელში ვკითხულობთ. რაც უფრო მეტ მასალას ვეცნობით დავის ირგვლივ, მით უფრო მეტ სიყალბეს ვაწყდებით ჯანაშია-ცეცხლაძის მხრიდან. ამიტომ გპირდებით, რომ მეტ სიცხადეს შევიტანთ ამ საქმეში, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ცოლ-ქმრის ლობისტებისთვის,“ – ამბობს აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე.
წყარო: კომერსანტი