“თურმე, ჩვენი მთავარი დანაშაული არის ის, რომ ომში არ ვართ ჩართული. ხვალ თუ საქართველო ჩაერთვება ომში, ამ ყველაფრის მერე ისინი რუსეთთან დასხდებიან ერთ მაგიდასთან და თავს კომფორტულადაც კი იგრძნობენ”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, “ეს არის ის დეკადანსი და დაცემა, რაც ევროპულ პოლიტიკაში არსებობს დღეს”.
„ჩვენ პირველ რიგში ვხედავთ იმას, რომ ევროპელი ლიდერები სულ უფრო მეტს საუბრობენ კომუნიკაციის აუცილებლობაზე რუსეთთან. სხვათა შორის, არცერთს საკუთარი ელჩი იქიდან არ გამოუწვევია და დიპლომატიური ურთიერთობა ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს რუსეთთან. ამბობენ იმასაც კი, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში რუსეთი ერთ-ერთი წამყვანი როლის მატარებელია მათთვის. მაგრამ, ამავდროულად, უკრაინას მოუწოდებენ იმას, რომ გააგრძელოს ომი. ხოლო საქართველოზე, ფაქტობრივად, ვხედავთ უკვე ღია თავდასხმებს, რომ ომში ჩავერთოთ. თურმე ჩვენი მთავარი დანაშაული არის ის, რომ ომში არ ვართ ჩართული. ამით ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გვინდა საკუთარ თბილ კაბინეტებში ვიყოთ. თუ 2008 წელს იომა საქართველომ ამით ჩვენ არაფერი დაგვაკლდა. თუ ახლა იბრძვის უკრაინა, ამითაც არაფერი არ გვაკლდება და ხვალ თუ ისევ საქართველო ჩაერთვება ომში ამითაც, როგორც ჩანს არაფერი არ დააკლდებათ, ასე ფიქრობენ ისინი. ამ ყველაფრის მერე ისინი რუსეთთან დასხდებიან ერთ მაგიდასთან და თავს კომფორტულადაც კი იგრძნობენ. აი, ეს არის ის დეკადანსი და დაცემა, რაც ევროპულ პოლიტიკაში არსებობს დღეს, რომელიც გამოფიტულია მთლიანად ევროპული ღირებულებებისგან, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია და იმ ტრადიციებისგან, რომელიც ევროპაში არსებობდა.
ერთი არის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელისუფლებით და ბიუროკრატებით თავიანთ ქვეყნებში მაინც და მაინც დიდი მხარდაჭერით და რეიტინგებით არ სარგებლობენ. პირიქით, თითოეული მათგანის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა. როგორც ჩანს საკუთარ ამომრჩეველთან აქვთ მათ პირველ რიგში პრობლემები. ვინაიდან ევროპული ღირებულებები სინამდვილეში არსად არ წასულა და ის ვინც ღალატობს ევროპულ ღირებულებებს ის ღალატობს ევროპას და ევროპელებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.