ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლები: ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე მედიაჰოლდინგ “კვირაში” ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურებიან
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლები: ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე მედიაჰოლდინგ “კვირაში” ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურებიან, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“ორგანიზაცია „აფბა“ ამჯერად „მედიაჰოლდინგ კვირა“-ს საშუალებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლების, ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძესთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას.
თუ ვინ არის ორგანიზაცია აფბა, რამდენად „მიუკერძოებელია“ ის და რა კავშირი აქვს მას საქართველოს კაპიტალსა და ირაკლი გილაურთან, იხილეთ აკადემიის დამფუძნებლების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/share/p/1DmsXnCFBg/
კითხვებს აღარ ტოვებს kvira.ge პლატფორმაზე განთავსებული აფბას სტატია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორგანიზაცია სწორედ რომ მხარეა აკადემიის დამფუძნებლებსა და „ინვესტორს“, საქართველოს კაპიტალს შორის დავაში, წარმოადგენს რა საქართველოს კაპიტალის ინტერესებს. უფრო მეტიც, ცხადი ხდება, რომ აფბა ირაკლი გილაურის მიერ დაქირავებულია სწორედ ამ დავის ცალმხრივად გასაშუქებლად და საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების შესაქმნელად. გარდა იმისა, რომ აფბა მცდარ ინფორმაციას ავრცელებს, ის საჯაროს ხდის ისეთ კომერციულ ინფორმაციას, რომელიც არ იძებნება საჯარო წყაროებში და მას მხოლოდ საქართველოს კაპიტალისგან თუ მოიპოვებდა. ეს საკითხი შესწავლილი იქნება დამფუძნებლების იურისტების მიერ და ამ ინფორმაციის კომერციული საიდუმლოების კატეგორიას მიკუთვნების შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
აფბა და საქართველოს კაპიტალი ცდილობენ, ვითომ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელონ და პოლიტიკური ელფერი შესძინონ კერძო პირებს შორის დავას, რისთვისაც უსაფუძვლოდ იშველიებენ დამფუძნებლების ბრიტანელი ადვოკატების მიერ დიდ ბრიტანეთში წარდგენილ სარჩელს. ვფიქრობთ, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს, რომ დიდ ბრიტანეთში წარდგენილ სარჩელის ირგვლივ აფბას განმარტებები აცდენილია რეალობას, ყოველგვარ საღ აზრს და მხოლოდ სუბიექტურ ინტერპრეტაციებზეა აგებული. ის, რომ დიდ ბრიტანეთში წარდგენილ სარჩელში ოლიგარქად მოხსენიებულია ირაკლი გილაური, აფბას მიერ დართულ დოკუმენტშიც ჩანს. ირაკლი გილაური რომ ოლიგარქია, ამას ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლები უკვე 2 წელია თავად ამტკიცებენ ყველა საჯარო არხით, რამდენადაც ბატონი გილაური, გრიგოლ ლილუაშვილთან და ოთარ ფარცხალაძესთან სავარაუდო კორუფციული კავშირებით, ცდილობდა ხელი შეეშალა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებისთვის და გავლენა მოეხდინა სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. დამფუძნებლები ყველა საჯარო სტატიაში აფიქსირებენ, რომ ირაკლი გილაურმა აკადემიის დირექტორის თანამდებობიდან ნათია ჯანაშიას გათავისუფლება და მის ნაცვლად პორნოგრაფიული ტექსტების ავტორი პირის დანიშვნა სწორედ პირადი კავშირების საშუალებით შეძლო, ისევე როგორც ბრუტალური გზით, პოლიციის ზოგიერთი თანამშრომლის მონაწილეობით მოახერხა აკადემიის ტერიტორიის დაკავება. დიდ ბრიტანეთში სარჩელი სწორედ იმ პერიოდში იქნა წარდგენილი, როდესაც ირაკლი გილაური წარმატებით იყენებდა პირად კავშირებს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად საგამოძიებო ორგანოებში, საჯარო რეესტრსა თუ სასამართლოში. შესაბამისად, ეს გარემოებები აისახა დიდ ბრიტანეთში წარდგენილ სარჩელშიც და ამაში „სკანდალური“ არაფერია. აფბას მონიტორინგი და სიმართლის დადგენა რომ ჰქონდეს მიზნად, გადახედავდა დამფუძნებლების მიერ თითქმის ორი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს და სიახლედ არ გაასაღებდა იმას, რაც დიდი ხანია თქმული და დაწერილია თავად დამფუძნებლების მიერ. ახლა, როცა საყოველთაო ბრძოლა გამოცხადდა კორუფციის წინააღმდეგ, დამფუძნებლებს იმედი აქვთ, რომ კორუფციის მიმართ გამოცხადებული ბრძოლა კორუფციაში ჩაბმულ ყველა პირს შეეხება და ის კავშირები, რითაც, შესაძლოა, ირაკლი გილაური ჯერ კიდევ სარგებლობდეს, გამომჟღავნდება, რაც შესაძლებელს გახდის სიმართლის დადგენასა და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში – დამნაშავე პირების უმკაცრესად დასჯას. ის, რომ „შუა რგოლის კორუფცია“ ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს, როდესაც პოლიტიკური კონტექსტი შეცვლილია ქვეყანაში, გამომჟღავნებულია გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის ქმედებები და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება მიმდინარეობს, აქტიურად დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც დამფუძნებლების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებშიც ირაკლი გილაური და მისი გუნდის სხვა წევრები ფიგურირებენ. სწორედ ეს არის, რაც ირაკლი გილაურსა და მასთან დაკავშირებულ პირებს აწუხებთ. ინტენსიურმა გამოძიებამ, აკადემიაში საგამოძიებო სამსახურის შესვლამ და აქტიურმა საგამოძიებო მოქმედებებმა აიძულა ირაკლი გილაური, აფბას ამოფარებულს საჯარო, ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები გაევრცელებინა საზოგადოებასა და სამიზნე ჯგუფებში, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებში, დამფუძნებლების მიმართ მცდარი წარმოდგენების შესაქმნელად. მუდამ ლობისტების მაძიებელ ირაკლი გილაურს, ალბათ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიაჩნია ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის ლობისტად, რაკი ასეთი შემართებით ცდილობს დამფუძნებლებზე აზრი შეაცვლევინოს მათ „ლობისტებს“, დაარწმუნოს იმაში, რომ თურმე ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ცრუობენ, ხოლო „საწყალი“ ინვესტორი, საქართველოს კაპიტალი, მსხვერპლია.
ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება ის ქმედებაც, რომ ნაციონალების პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურის ძმა, თავადაც ნაციონალი ირაკლი გილაური ბედავს და ცდილობს, ირონიული კონტექსტი შესძინოს ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მიმართ განხორციელებულ ტერორს სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში. სწორედ ნიკა გილაური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ დროს, როდესაც დავით ცეცხლაძეს ორი ორგანიზაცია – უნივერსიტეტი და გამომცემლობა უკანონოდ წაართვეს. წართმევას მიჩვეული ირაკლი გილაური ახლა თავად ცდილობს, სრულად წაიღოს ნათია ჯანაშიას წილი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში, რისი შესაძლებლობაც მას არ მიეცემა.
ბატონი გილაურისთვის უკეთესი იქნება, თუ დროულად გაითავისებს, რომ ვერც აფბა, ფიქციურად გათავისუფლებული გიორგი კეთილაძე, თუ სხვა პირი ვერ დაეხმარება მას, საზოგადოებასა და სხვა სამიზნე ჯგუფებში ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის დისკრედიტაციის მცდელობებით, თავი დააღწიოს მოსალოდნელ სამართლებრივ პასუხისმგებლობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.